თავშესაფრის მაძიებლები

EUAA: EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რიცხვი ბოლო 7 წელში რეკორდულ დონემდე გაიზარდა

Alessandro Serrano/AFP via Getty Images

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ინფორმაციით, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა რიცხვმა გასულ წელს, 2015-16 წლების მიგრანტების კრიზისის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

EUAA-ს მიერ დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში გასულ წელს თავშესაფრის მოთხოვნის 1.14 მილიონი განაცხადი შევიდა, რაც 18%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს და ბოლო შვიდი წლის პერიოდში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, ამავე მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფრის განაცხადი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო 2022 წელს 28 803-მა.

ამასთან, წინა წლებში გამოვლენილი ტრადიციის მიხედვით, სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებმა წარადგინეს ყველაზე მეტი განაცხადი - 181 000 და 114 000. გარდა ამისა, თურქეთის მოქალაქეებმა თავშესაფრის მოთხოვნაზე შეიტანეს 100 000-ზე მეტი განაცხადი, რაც 82%-ით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

EUAA-ს ცნობით, პალესტინელთა რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში ითხოვენ თავშესაფარს, გაიზარდა რეკორდულ მაჩვენებლამდე და შესაბამისად, 11 000-ს გადააჭარბა. ამასთან, პალესტინელებმა ყველაზე მეტი განაცხადი საბერძნეთში თავშესაფრის მიღების მიზნით წარადგინეს. 

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ცნობით, გერმანიაში რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობამ შეადგინა 330 000-ზე მეტი, რაც ყველაზე მეტია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, შემდეგ მოდის საფრანგეთი (167 000), ესპანეთი (162 000) და იტალია (136 000).

გარდა ამისა, ამ მონაცემებში არ შედის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი მოქალაქეების განაცხადები, რომლებიც აღრიცხვის სხვა კლასიფიკაციას ექვემდებარებიან. მათგან 4.4 მილიონმა დაცვის დროებითი სტატუსი მიიღო ევროკავშირში.

კომენტარები