სუს-მა ჩატაევთან კავშირის გამო ახმეტაში კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

პირველი არხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახმეტაში ზურაბ იდოიძე დააკავეს. ჩხრეკა სოფელ ომალოში, მის სახლში ჩატარდა.

უწყების ცნობით, "გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

კომენტარები