კახა კალაძე

კალაძე: ხარისხზე ორიენტირებულები ვართ და არა ჰარი-ჰარალეზე

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას შეურაცხმყოფელი უწოდა და აღნიშნა, რომ კომპანიამ თავის მოვალეობები სათანადოდ არ შეასრულა.

"სამუშაოები, რომელზეც შვიდი მილიონი დაიხარჯა, გასული წლის მაისში დასრულდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლობას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. აქ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული“ - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კომპანიას სიტუაციის გამოსწორება დაევალება და შესაძლებელია, ჯარიმაც დაეკისროს.

"რაც არის გასაკეთებელი, თვალს არაფერზე დავხუჭავ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს. კატეგორიულად მიუღებელია ის მდგომარეობა, რაც ვნახეთ. ხარისხზე ორიენტირებულები ვართ და არა ჰარი-ჰარალეზე. თვალს არ დავხუჭავთ, ეს არ და ვერ მოხდება", - აღნიშნა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები