ყალბი დოკუმენტები

შსს: ყალბი დოკუმენტის, ბეჭდისა და შტამპის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღების და გამოყენების ბრალდებით, თბილისში წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული მ.ფ. და 1969 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს "გადამზიდი 2012"-ის თანამშრომელი - მ.ფ., გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა, რომლებსაც მისი თანამზრახველი - ი.მ. უმზადებდა.

სამართალდამცველებმა, "გადამზიდი 2012"-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 18 პასპორტი, ხოლო ი.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 5 პასპორტი, თუნუქის კოლოფში მოთავსებული სამელნე, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის 28 შტამპი ნივთმტკიცებად ამოიღეს",- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები