ირანი

რა ხდება ირანში - ინტერვიუ ალექსანდრე ლაცაბიძესთან

AP

28 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში გამოსვლები დაიწყო. პროტესტი მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის მანძილზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.

ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ტაბულა კანადაში საქართველოს ყოფილ ელჩს, დიპლომატს და ირანის სპეციალისტს, ალექსანდრე ლაცაბიძეს ესაუბრა.

ირანში საპროტესტო გამოსვლები პროდუქტებზე ფასების გაძვირების გამო დაიწყო და შემდეგ პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. რამდენად ჰგავს ეს არაბული გაზაფხულის მოვლენებს და შესაძლებელია თუ არა, რომ მსგავსი მასშტაბები მიიღოს?

ამ ეტაპზე მე არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოსვლები გადაიზრდება არაბული გაზაფხულის მსგავს გამოსვლებში. პირველ რიგში, ირანი თავისი ფორმით, ტრადიციით, ისტორიითა და კულტურით რადიკალურად განსხვავდება არაბული სამყაროსგან და არაბული ქვეყნებისგან. სახელმწიფოებრივად ბევრად უფრო ძლიერია, აპარატია ძალიან ძლიერი, შესაბამისად, მოლოდინი, რომ მივიღებთ სირიის მსგავს, თუნდაც ეგვიპტის მსგავს რევოლუციებს, ნამდვილად არ მაქვს.

ჩემი აზრით, ეს გამოსვლები გამოწვეული იყო მძიმე სოციალური ფონით, რაც გამოიწვია წლობით ირანის მიმართ განხორციელებულმა სანქციებმა. პლუს, ნავთობის ფასი ძალიან დაბალია. უმუშევრობის მაჩვენებელი ირანში საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი საკმაოდ დიდ ტვირთად დააწვა ირანის მოსახლეობას, რამაც ბუნებრივი გამოხმაურება ჰპოვა.

მოლაპარაკებები, რომლებიც როუჰანის მთავრობამ აწარმოა დასავლეთის ქვეყნებთან, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ ქვეყანასთან, პლუს გერმანია, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აჩენდა რაღაც მოლოდინს ირანის მოსახლეობაში, რომ იქნება ეკონომიკური წნეხის შემცირება და ეკონომიკური წინსვლა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ გამოჩნდა ის მოსალოდნელი ეკონომიკური ბენეფიტები, რომელსაც მოსახლეობა ელოდა.
თუმცა, გამოსვლები ირანისათვის საკმაოდ მძიმე მოვლენაა. არატრადიციული, ვიტყოდი.

მოგეხსენებათ, რომ 1979 წლიდან ირანი არის ისლამური რესპუბლიკა. ქვეყანაში მოხდა ისლამური რევოლუცია და მხოლოდ ერთხელ იყო დიდი მასშტაბის გამოსვლები, 2009 წელს, რომელიც არჩევნებთან იყო დაკავშირებული. პრინციპში, იმ ეტაპზე ირანმა შეძლო სიტუაციის კონტროლის ქვეშ აღება და, ასე თუ ისე, ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა.

ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება. მოთხოვნები იყო აშკარად სოციალური. საინტერესო ის არის, რომ არ არის გამოკვეთილი ლიდერი. არის სხვადასხვა ჯგუფი და არის დიდი გეოგრაფია. ტრადიციულად, გამოსვლები იწყება ხოლმე თეირანში, რაც ცენტრია, უფრო აქტიურია ხოლმე საშუალო ფენა. ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ დაბალი ფენის, მშრომელი კლასის გამოსვლებს.

რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, ვხედავთ გეოგრაფიას, რომელიც იწყება ხორასანის პროვინციაში, ქალაქ მეშჰედში, სადაც ტრადიციულად უფრო ძლიერია კონსერვატიული ფრთა. ანუ რელიგიური კლერიკალები საკმაოდ ძლიერები არიან. მეშჰედში არის მერვე შიიტური იმამის, იმამ რეზას საფლავი. ეს არის ყველა შიიტი მუსლიმისთვის წმინდა ადგილი და ტრადიციულად ისლამი და შიიზმი ძალიან ძლიერია ამ პროვინციაში და ამ ადგილას. ვხედავთ ამ გამოსვლებს მეშჰედში, რაც პრინციპში, საკმაოდ უცნაურია დღევანდელ ვითარებაში.

იყო სხვადასხვა განცხადება ირანის მხრიდან და გინდაც გარედან, რომ არის გარე ხელი ან შიდა ძალები. ბუნებრივია, ირანის მნიშვნელობიდან გამომდინარე, როცა იწყება რაღაც დაძაბულობა, და სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, იმიტომ, რომ არ არის სტანდარტული ეს ვითარება ირანისთვის, ჩვენ სპეკულაციას ვერ მივეცემით - ვისი ბრალია ან ვისი ხელი ურევია, მაგრამ გარე მოთამაშეებისა და აგრეთვე შიდა მოთამაშეების ინტერესი, რასაკვირველია, იზრდება და სხვადასხვა ქმედებას, შესაძლოა, ჰქონდეს ადგილი. მაგრამ პრაქტიკულად, ამ ეტაპზე სპეკულაციების საფუძველი ჩვენ არ გაგვაჩნია.

ირანის ლიდერები საპროტესტო აქციების გაღვივებაში აშშ-სა და საუდის არაბეთს ადანაშაულებენ. რამდენად შესაძლებელია, რომ მათ ეთამაშათ როლი ამ აქციების დაწყებაში?

კიდევ ერთხელ გეტყვით, მე ვერ დავიწყებ სპეკულაციას, ვისი როლი შეიძლება ყოფილიყო საპროტესტო აქციების გაღვივებაში, მაგრამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დიდი ქვეყნის და ყველა ძლიერი ქვეყნის ინტერესი რომ ძალიან დიდია, ეს უდავოა.

ირანი აქტიურად მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა პროცესში ახლო აღმოსავლეთში. სირიაში არის ერთერთი მთავარი მოთამაშე. ლიბანში აქვს ძალიან დიდი გავლენა. იემენში მიმდინარე პროცესებში არის საკმაოდ აქტიურად ჩართული. შესაბამისად, გარე ძალების ინტერესი ირანში მიმდინარე პროცესებისადმი ყოველთვის დიდია. თუ გავაანალიზებთ ირანის ურთიერთობას მეზობლებთან, ვნახავთ, რომ საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან. ისრაელზე და ამერიკაზე საერთოდ საუბარი არ არის, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

არიან რეგიონალური მოთამაშეები. არის თურქეთი, არის რუსეთი. ყველასთან საკმაოდ სენსიტიური ურთიერთობები აქვს. ირანი არის თან ცოტა რეგიონალური სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ამბიციები რეგიონში. შესაბამისად, ნებისმიერი ფაქტორის უგულებელყოფა არასწორია.

მაგრამ, კიდევ ერთხელ, სპეკულაციის საფუძველიც არ არის, ვინაიდან არის ნათელი ეკონომიკური მიზეზი. ნამდვილად იყო ძალიან დიდი ინფლაცია. ირანის მოსახლეობა არის საკმაოდ ახალგაზრდა. თუ ავიღებთ სტატისტიკას, 1979 წლამდე ირანის მოსახლეობა შეადგენდა 35 მილიონ ადამიანს. დღეს არის 80-81 მილიონი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ 40 წელიწადში გაორმაგდა მოსახლეობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი არის 40 წელზე დაბლა. შესაბამისად, უმუშევრობის პრობლემა საკმაოდ დიდია ამ ახალგაზრდა მოსახლეობაში და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ნებისმიერი უკმაყოფილება გამოწვეული იყოს ეკონომიკური ფაქტორებით, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ მერე არ იქნება გამოყენებული სხვა ძალების მიერ. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესებია.

აქციებზე ისმოდა რეგიონში ირანის სამხედრო კამპანიის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები. რამდენად მოახდენს ეს გავლენას ირანის რეგიონულ პოლიტიკაზე?

მე არ მგონია, რომ ამ აქციებმა შეძლოს ირანის რეგიონული პოლიტიკის შეცვლა. ირანს აქვს ხანგრძლივი სტრატეგია რეგიონში, საუკუნეების მანძილზე ახორციელებს თავის პოლიტიკას. ამიტომ, ერთმა ან ორმა აქციამ, არა მგონია შეცვალოს ირანის ძირითადი მიმართულებები და ინტერესები. ერთი ცხადია, რომ ირანს აუცილებლად მოუწევს დაფიქრებაც და მუშაობაც, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს და რაღაცნაირად შეცვალოს არსებული სიტუაცია. მე ვერ ვავლებ პარალელს არაბულ ქვეყნებთან, ვერც სირიასთან და ვერც ეგვიპტესთან იმიტომ, რომ ზომით, მოსახლეობის რაოდენობით, შეიძლება, ირანის ტოლფასი იყოს, მაგრამ ირანის მნიშვნელობაც და ტრადიციაც ბევრად დიდია.

ირანში არის პერიოდულად კრიზისები ისტორიის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირად ახერხებს გამოსვლას. ზოგჯერ სახე იცვლება ამ კრიზისში, მაგრამ აი, ისეთი ტიპისას, როგორიც მაგალითად, ვიხილეთ სირიაში ან ეგვიპტეში, მე ირანში პრაქტიკულად გამოვრიცხავ.

ერთის მხრივ, როგორც კი დაიწყო გამოსვლა და პოლიტიკური ლოზუნგები გამოჩნდა გამოსვლებზე, ეს, რასაკვირველია, სიგნალია და მანიშნებელია, რომ რაღაც ცვლილებები და რაღაც პროცესები მიდის.

მინდა, შევადარო 2009 წლის მოვლენებს, რომელიც უფრო აქტიურად შუქდებოდა და მეტი ინფორმაცია იყო, ვიდრე დღეს არის. დღეს საინტერესო ისაა, რომ არ არის გამოკვეთილი ძალა, ლიდერები და არ არის გამოკვეთილი ერთი ძალა, ვინც იბრძვის. სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მოთხოვნაა. თუ გადახედავთ მოთხოვნების ჩამონათვალს, ზოგგან შეიძლება კლერიკალურიც შეგხვდეს. ცოტა არეულია და ქაოსურია ეს გარედან, ერთი შეხედვით.

რა როლი შეიძლება ითამაშოს აშშ-მა და სხვა დიდმა სახელმწიფოებმა ირანში მიმდინარე მოვლენებში?

ამერიკის შეერთებული შტატები ტრადიციულად მთელ მსოფლიოში გადამწყვეტ როლს თამაშობს და დიდი როლის თამაში შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი ირანის მთავრობის მიმართ და საკმაოდ ხისტ განცხადებებსაც აკეთებს. ობამას ადმინისტრაციის დროს მოხდა 2015 წელს ბირთვული შეთანხმების მიღწევა, რის შედეგადაც ირანს მოეხსნა სანქციები ნავთობის ექსპორტზე და იყო მოლოდინი, რომ რაღაც პატარა გარღვევა მაინც იქნებოდა.

ტრამპის არჩევის შემდეგ პრაქტიკულად ნულზე დავიდა ეს მოლოდინი და ტრამპი საკმაოდ მკაცრად და ხისტად მიუდგა ირანის მიმართულებას. გამოსარიცხი არ არის ისრაელის ფაქტორიც, რომელიც ირანისთვის საკმაოდ სენსიტიურია. მე მარტო ამერიკაზე არ გავაკეთებდი ფოკუსირებას. მთელი რეგიონი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და რთული ურთიერთობებითაა. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის როლი ან რუსეთის როლი ირანში მიმდინარე პროცესებში.

რა თქმა უნდა, ამერიკა ერთერთი მთავარი მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის ყველგან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ მეზობლების როლიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. შედარებით ახალი მოთამაშეა საუდის არაბეთი და, ირანის და საუდის არაბეთის უთანხმოება ძალიან საინტერესო ფაქტორია. ეს, რასაკვირველია, გრძელ ვადაზე რაღაც გავლენას იქონიებს, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე მაინც, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ ირანის მთავრობა შეძლებს რაღაცნაირად ამ სიტუაციის გადალახვას.

თუმცა, ეკონომიკური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ირანის ისტორიას გადავხედავთ, პრაქტიკულად ყველა გამოსვლა იწყება სოციალურად. ირანში ძალიან დიდ როლს თამაშობს ე.წ. ბაზარი ან წვრილი მეწარმეები. როგორც კი იწყება მათთვის ეკონომიკური სირთულეები, ეს არის საწყისი მმართველობის გამოცვლის ან რაღაცის განახლების. ამ ეტაპზე რაღაც მსგავსს ვხედავთ. გაუჭირდა და მოსახლეობა ითხოვს რაღაც ცვლილებებს. ეს არის პრობლემა.

ამ ეტაპზე ძალიან ძნელია პროგნოზირება, თუ რაში გადაიზრდება ეს პროცესი. ვინაიდან ირანი არის ძალიან დიდი ქვეყანა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ირანის როლს ერაყის პროცესებში, ვინაიდან ერაყის მოსახლეობის 60% არის შიიტი და ამერიკამ ეს იცის. ირანი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული და საკმაოდ კარგად მართავს ერაყში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, ერთი ხელის მოსმით რომ ითქვას, რომ აქ რამე შეიცვლება ან რამე აირევა, არ შეიძლება.

კომენტარები