კომუნიკაციები

მაგთი: ლარის გაუფასურება, ინფლაცია და დენის ტარიფის ზრდა ჩვენს ხარჯებზე მოქმედებს

hifipublic.com

მაგთი მობილური ინტერნეტის გაძვირების მიზეზებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანია ტარიფის გაძვირებას ქვეყანაში გაძვირებულ დენის ტარიფს, გაზრდილ ინფლაციასა და ლარის გაუფასურებას უკავშირებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ "მობილურ კავშირგაბმულობაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია."

მაგთის განცხადება:

"ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომმა მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა ტექნოლოგიების დანერგვისა და ქსელის უწყვეტი განვითარების კუთხით. მაგთიკომი უახლესი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი მთელს საქართველოში, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რთულად მისადგომ ადგილებში, მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების ჩათვლით, სადაც რიგ შემთხვევებში, ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ კავშირი ყველასთვის და ყველგან უზრუნველყოფილია.

საქართველოში ოპერატორებს რთულ პირობებში უწევთ ოპერირება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე იჯარის საფასური ოპერატორებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე იჯარის საბაზრო ფასი. 2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე.

დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლა", - წერია განცხადებაში.

გაძვირებული ტარიფები ასე გამოიყურება:

  • 0.5 გბ - 5 ლარი, ძველი ფასი 3 ლარი
  • 1 გბ - 7 ლარი, ძველი ფასი 5 ლარი
  • 2  გბ - 12 ლარი ძველი ფასი 7 ლარი
  • 4 გბ - 14 ლარი, ძველი ფასი 10 ლარი
  • 6 გბ - 18 ლარი, ძველი ფასი 15 ლარი
  • 15 გბ - 35 ლარი, ძველი ფასი 30 ლარი

სხვა პროვაიდერების ფასები ასე გამოიყურება:

  • 0.5 გბ: მაგთი - 3 ლარი, ბილაინი - 1 ლარი (7 დღით), ჯეოსელი - 3 ლარი.
  • 1 გბ: მაგთი - 7 ლარი, ბილაინი 4 ლარი, ჯეოსელი - 5 ლარი
  • 2 გბ: მაგთი - 12 ლარი, ჯეოსელი - 7 ლარი
  • 6 გბ: მაგთი - 18 ლარი, ჯეოსელი - 15 ლარი, ბილაინი 8 გბ - 16 ლარი
  • 15 გბ: მაგთი - 35 ლარი, ჯეოსელი - 30 ლარი, ბილაინი 30 გბ - 25 ლარი

კომენტარები