ზვიად რატიანის საქმე

პირველმა არხმა პრემიერის გინება დამალა, მაგრამ რატიანის გინება გამოაქვეყნა

რუსთავი 2

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, დღეს გამოითხოვა და გაავრცელა შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ნასვამი პოეტ ზვიად რატიანის მხრიდან, სამართალდამცველების მიმართ გინებაა ასახული. 

ვიდეო, რომელიც გინებას ასახავს, მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

ამის პარალელურად, მედიაჩეკერის მონიტორინგის თანახმად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას დაუმალა პრემიერის გინება:

20 დეკემბრის „მოამბის“ და „ქრონიკის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება გაშუქდა, თუმცა არ თქმულა, რომ პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აგინა. ამის შესახებ არც წამყვანს და არც ჩართვაზე მყოფ ჟურნალისტებს აღუნიშნავთ, არ გასულა დაპირისპირების ამსახველი კადრების არც ის მონაკვეთი, სადაც პრემიერის გინება ისმოდა. კადრები ისე იყო შერჩეული, რომ უმეტესად, მხოლოდ ნიკა მელიას მიერ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები ისმოდა.

„მოამბის“ ჟურნალისტმა მაყურებელს  უთხრა, რომ პრემიერმა „უცენზურო გამონათქვამი“ გამოიყენა, „ქრონიკაში“ კი აღინიშნა, რომ „პრემიერს მწვავე რეაქცია ჰქონდა“. ორივე საინფორმაციო გამოშვებაში ხაზი გაესვა, რომ პრემიერს წონასწორობა ნიკა მელიამ დააკარგვინა:

„მოამბის“ ჟურნალისტი: „საინტერესო იყო ის, რომ მას შემდეგ, რაც ნიკანორ მელიამ პრემიერ მინისტრს კორუმპირებული უწოდა და რამდენიმე შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა, ამის შემდეგ პრემიერ მინისტრმა უკვე მისი მისამართით გამოიყენა უცენზურო გამონათქვამი“.

კომენტარები