ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეა ახალ სანქციებზე: აშშ-ს და მის მხარდამჭერ ქვეყნებს ეს ძვირად დაუჯდებათ

Spencer Platt / Getty Images

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს მიერ მის წინააღმდეგ მიღებულ ახალ სანქციებს საომარი ქმედება უწოდა. ოფიციალური ფხენიანის თქმით აშშ-ს და ყველა ქვეყანას, ვინც სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა ეს ძვირად დაუჯდებათ.

"აშშ, სრულიად შეძრწუნებული ჩვენი მიღწევებით უფრო და უფრო გააფთრებით ცდილობს ყველაზე მკაცრი სანქციების შემოღებას და ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე." ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს აფრთხილებს, რომ თუ მათ სურთ "მშვიდობიანად ცხოვრება უარი უნდა თქვან მტრულ პოლიტიკაზე" ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

"ჩვენ ამ რეზოლუციას სანქციების გამკაცრების შესახებ განვიხილავთ როგორც აშშ-ის მიერ მოსყიდულად და მის მხარდამჭერებს ჩვენი რესპუბლიკის სუვერენტიტეტის დამრღვევებად, [ეს ქმედება განიხილება] როგორც საომარი ქმედება ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის და სტაბილურობის დასარღვევად."

"ის ქვეყნები, ვინც ხელი აწიეს სანქციების შესახებ რეზოლუციის მხარდასაჭერად, სრულად პასუხისმგებლები იქნებიან იმ შედეგებისათვის, რასაც ეს რეზოლუცია მოიტანს და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ ზღონ იმისათვის, რაც ჩაიდინეს." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები წელს უკვე მესამედ გაამკაცრა, ამჯერად მიზეზი ფხენიანის მიერ ჩატარებული ახალი სარაკეტო გამოცდები გახდა. ახალი სანქციები სავაჭრო ემბარგოს გაფართოებასა და ნათობის იმპორტის 90%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, საზღვარგარეთ მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა მომდევნო 24 თვის მანძილზე უცხო ქვეყნები უნდა დატოვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ხელი საბჭოში შემავალმა 15-ვე ქვეყანამ მოაწერამ, მათ შორის ფხენიანის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა - რუსეთმა და ჩინეთმა.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ 15-ით 0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეისათვის დამატებითი სანქციების მიღებას. მსოფლიოს სურს მშვიდობა და არა - სიკვდილი," - ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეზოლუციის მიღებას.

კომენტარები