კატალონია

კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

AP

კატალონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიის მთავრობის დათხოვნის და სენატის მიერ კატალონიის ავტონომიის შეჩერების შემდეგ დაინიშნა.

პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის რვა ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს და განაჩენს ელოდებიან, ხოლო გადაყენებული პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი ბელგიაშია. კატალონიის ყოფილ ლიდერებს ბრალად ამბოხება, აჯანყებისკენ მოწოდება და საჯარო თანხების არასწორი გამოყენება ედებათ.

ნოემბრის ბოლოს El Pais-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით კატალონიის მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებს სურს კვლავ ესპანეთისაგან გამოყოფა.

გამოკითხულთა მხოლოდ 24%-ს სურს 21 დეკემბერს დანიშნული არჩევნების შემდეგ კვლავ გაგრძელდეს ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი.

71%-ის აზრით უმჯობესია პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიონ და კატალონია ესპანეთის ნაწილად დარჩეს.

ვინ მონაწილეობს არჩევნებში

ერთად კატალონიისათვის

მოიცავს ყოფილ კოალიციურ მთავრობას. მიიჩნევს, რომ კარლოს პუჩემონტი ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტია და 1 ოქტომბრის რეფერენდუმი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის საფუძველს წარმოადგენს, თუმცა პარტიას გამოკვეთილი და დროში გათვლილი დამოუკიდებლობის გამოცხადების გეგმა არ აქვს.

კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია

პარტია პუჩემონტისაგან დამოუკიდებლად მონაწილეობს. პარტიის ლიდერი ორიოლ ჟუნკერასი ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ ამბოხების ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება.

კატალონიის სოციალისტური პარტია

პარტიის წევრების დიდმა ნაწილმა ოფიციალურ მადრიდის მიერ რეგიონზე პირდაპირი კონტროლის გავრცელებას მხარი დაუჭირა. ამასთანავე პარტიის ლიდერი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ამომრჩევლებში პოპულარობით სარგებლობს. პარტიამ განაცხადა რომ კოალიცაზე მოლაპარაკებისათვის ღიაა, თუმცა არა ესპანეთისაგან გამოყოფის მომხრეებთან.

კატალონიის სახალხო პარტია

ესპანეთის მმართველი პარტიის კატალონიური ფრთა. პარტიის დაპირებას უკანასკნელ წლებში შექმნილი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ინსტიტუტების მოშლა წარმოადგენს. პარტია გამოკითხვების მიხედვით ხმების 8%-ს იღებს.

მოქალაქეთა პარტია

მემარჯვენე ცენტრისტული პარტია რომელიც დამოუკიდებლობას არ ემხრობა. უკანასკნელი გამოკითხვებით პარტიის რეიტინგი განსაკუთრებით გაზრდილია და მოსალოდნელია, რომ ის ხმების დაახლოებით 25%-ს აიღებს.

საერთო კატალონია

ესპანეთში სიდიდით მეორე, Podemos პატრიის კატალონიური ვერსია. პარტიას დამოუკიდებლობის საკითხზე სუსტი პოზიციის გამო აკრიტიკებენ, თუმცა კოალიციების შექმნისას შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

სახალხო ერთობის კანდიდატურა

ანტი-კაპიტალისტური პარტია. დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, რადგან ის ესპანეთის მთავრობამ დანიშნა, თუმცა მონაწილეობას მაინც იღებს. პარტია ერთადერთ სწორ გზად კატალონიის დამოუკიდებლობის ცალმხრივ გამოცხადებას მიიჩნევს.

გამოკითხვების მიხედვით ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობის მონაწილეობაა მოსალოდნელი. La Vanguardia-ს მიხედვით 1.5 მილიონ ამომრჩეველს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას.

მოსალოდნელია, რომ ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს ხმათა უმეტესობას კატალონიის 135 ადგილიან პარლამენტში და არჩევნების შემდეგ კოალიციების შექმნის პროცესი დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი შედეგები დღეს ღამით გამოცხადდება, ოფიციალური შედეგები მხოლოდ 5 იანვარს გახდება ცნობილი. ამის შემდეგ პარლამენტი შეიკრიბება რათა 20 სამუშაო დღის მანძილზე სპიკერი აირჩიოს. დებატები რეგიონის პრეზიდენტის არჩევის თაობაზე სპიკერის არჩევიდან 10 სამუშაო დღეში დაიწყება.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე რეგიონზე ოფიციალური მადრიდის პირდაპირი კონტროლი გაგრძელდება.

კომენტარები