თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ობამას დროს შეიარაღების შეძენაზე აშშ-სგან უარი მივიღეთ

constitutioncenter.org

"პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს აშშ-ს მხრიდან არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ", - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში, რომლითაც უწყება ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინის" გამარტივებული წესით შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. 

თავდაცვის სამინისტრო 2018 წელს $37.6 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინების შესყიდვას გეგმავს. უწყებას შესყიდვის კონტრაქტზე ხელის მოწერის ვადა 2018 წლის 3 იანვარს გასდის, ამიტომაც ის შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებს.

"აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონსულტაციები წლების მანძილზე გრძელდებოდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთანაც, მაგრამ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს აშშ-ს მხრიდან არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ კვლავ მიმართა აშშ მხარეს აღნიშნული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადმოცემის თაობაზე. 9 წლიანი მცდელობის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში, აშშ-ს მთავრობამ პირველად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის აღნიშნული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო მიყიდვასთან დაკაშირებით", - წერია სამინისტროს წერილში.

აშშ-მა საქართველოს ჯამში $75 მილიონის ღირებულების ჯაველინების შესყიდვაზე მისცა ნებართვა. $37 მილიონიანი შესყიდვა, რომლისთვისაც თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს ნებართვას მთლიანი კონტრაქტის ნახევარს წარმოადგენს. შეიარაღების მეორე ნახევარს საქართველო სავარაუდოდ 2019 წელს მიიღებს.

კომენტარები