თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო 2018 წელს $37 მილიონის ღირებულების ჯაველინების შესყიდვას გეგმავს

ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin
wikimedia

თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების წერილით, რომლითაც უწყება გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. წერილიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო 2018 წელს $37.6 მილიონი დოლარის, ანუ 96 მილიონი ლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინის" შეძენას გეგმავს.

თავდაცვის სამინისტროს წერილიდან ირკვევა, რომ საქართველომ აშშ-ს შეიარაღების შესყიდვის თხოვნა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროსაც გაუგზავნა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

"აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონსულტაციები წლების მანძილზე გრძელდებოდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთანაც, მაგრამ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს აშშ-ს მხრიდან არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ კვლავ მიმართა აშშ მხარეს აღნიშნული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადმოცემის თაობაზე. 9 წლიანი მცდელობის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში, აშშ-ს მთავრობამ პირველად მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის აღნიშნული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო მიყიდვასთან დაკაშირებით, ხოლო აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ 2017 წლის 17 ნოემბერს მოახდინა აშშ კონგრესის ინფორმირება კონტრაქტის გასაფორმებლად აუცილებელი თანხმობის მისაღებად და მ.წ. 13 დეკემბერის არასაიდუმლო წერილით (ECJ5-GG-18-111) ამერიკული მხარის მიერ მიეწოდა აღნიშნული სისტემის შემოთავაზება/შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ვადა გასდის 2018 წლის 03 იანვარს", - წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის თავდაცვის სამინისტროდან გაგზავნილ წერილში.

აშშ-მა საქართველოს ჯამში $75 მილიონის ღირებულების ჯაველინების შესყიდვაზე მისცა ნებართვა. $37 მილიონიანი შესყიდვა, რომლისთვისაც თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს ნებართვას მთლიანი კონტრაქტის ნახევარს წარმოადგენს. შეიარაღების მეორე ნახევარს საქართველო სავარაუდოდ 2019 წელს მიიღებს.
 

 

კომენტარები