საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო კომისიის წევრებისთვის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მიუღებელია

საკონსტიტუციო კომისიის წევრები იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ეხმაურებიან და მას თვლიან, რომ ის ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაუარესებას ითვალისწინებს.

საუბარია შემდეგზე: კონსტიტუციის ახალ, უკვე დამტკიცებულ პროექტში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.

კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში, როდესაც მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე რაუნდი დაიწყო, იუსტიციის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-18 მუხლიდან შესაძლოა წაიშალოს ინფორმაციის სახეების ეს ჩამონათვალი. თეა წულუკიანმა თქვა, ამით საჯარო ინფორმაციის გაცემისას პირადი მონაცემების დაცვის ხარისხი გაიზრდება. 

საკონსტიტუციო კომისიის წევრებისთვის, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი სწორედ ეს ცვლილებაა.

"საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის მანძილზე მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კომისიის არც ერთ განხილვაზე ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების ჩანაწერების შესახებ არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გამოუთქვამს ვენეციის კომისიას. გარდა ამისა, ეს ცვლილება არ ყოფილა გამოტანილი სახალხო განხილვაზე. 

ჩვენთვის ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვის მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პარლამენტს, არ გასცდეს ამ ამოცანას და არ შეცვალოს იმ მუხლების რედაქცია, რომელიც ინტენსიური მსჯელობისა და განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს საკონსტიტუციო კომისიის წევრები შემდეგი აწერენ: 

ვახტანგ ნაცვლიშვილი

ეკა გიგაური

არნოლდ სტეფანიანი

ანა ფირცხალაშვილი

ვახტანგ ხმალაძე

ანა ნაცვლიშვილი

კომენტარები