საფრანგეთი

საფრანგეთის სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აეკრძალებათ

Reuters/Lucas Jackson

საფრანგეთის სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება და გამოყენება აეკრძალებათ. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის განათლების მინისტრმა მიშელ ბლანქუერმა 10 დეკემბერს გააკეთა, აკრძალვის მიზეზად კი, ბავშვების ჯანმრთელობასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

"ამ ბოლო დროს, ბავშვები საერთოდ აღარ თამაშობენ შესვენებებზე. მხოლოდ სმარტფონებში იყურებიან, ეს კი დიდი პრობლემაა განათლების სისტემისთვის." - განაცხადა მინისტრმა.

ფრანგ მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გაკვეთილზე გამოყენების უფლება აქამდეც არ ჰქონდათ. ახალი აკრძალვა შესვენებებს, ლანჩს და სკოლაში გატარებულ დამატებით საათებს ეხება. სკოლაში შესვლამდე ბავშვები მობილურ ტელეფონებს სპეციალურ შემნახველ საკნებში შეინახავენ და მხოლოდ სკოლის დატოვების შემდეგ შეძლებენ მათ აღებას. 

განათლების მინისტრის ინიციატივა 2018 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის შესახებ დაპირება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო პროგრამაშიც იყო გაწერილი.

კომენტარები