ენერგეტიკა

ქუმსიშვილი: ვერ გეტყვით 2016-თან შედარებით რა იქნება ენერგეტიკაში ინვესტიციების ზომა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

2017 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $98 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით ნკალებია. ინვესტიციების შემცირებაზე ტაბულამ კითხვა ეკონომიკის (რამდენიმე დღეში ენერგეტიკისაც) მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს დაუსვა. ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წელი ენერგეტიკაში ინვესტიციების მხრივ გამორჩეული იყო და მასთან შედარებით შესაძლოა 2017 წელს ინვესტიციების რიცხვი უფრო ნაკლებიც იყოს. 

"შარშანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ენერგეტიკაში, რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა და შესაბამისად ეს აისახა ინვესტიციებში. 2017 წლის მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა 12%-იანი ზრდა. მე ვერ გეტყვით შარშანდელთან შედარებით ჩვენ რა მონაცემზე გავალთ. დღეისთვის ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ჯამში 7 მილიარდი ევროს პროექტები და ჩვენ ამ მიმართულებებზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან", - ამბობს ქუმსიშვილი.

იმისდა მიუხედავად, რომ ვიცეპრემიერი 2016 წელს ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიციების მხრივ "გამორჩეულს" უწოდებს სინამდვილეში 2016 წელს ენერგეტიკაში გასული 6 წლის განმავლობაში ყველაზე მცირე მოცულობის ინვესტიციები ჩაიდო.

ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციები 2011-2016 წლებში:

  • 2011 - $203 მილიონი
  • 2012 - $179 მილიონი
  • 2013 - $244 მილიონი
  • 2014 - $189 მილიონი
  • 2015 - $123 მილიონი
  • 2016 - $117 მილიონი
  • 2017 (9 თვე) - $98 მილიონი

რაც შეეხება ინვესტიციების მთლიან მაჩვენებელს ის $1.345 მილიარდს შეადგენს და ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ჩადებული FDI-ის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

კომენტარები