მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი მხარდამჭერებს: ისინი ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც - თქვენ

Life.ru

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ, 8 დეკემბერს, უკრაინაში დააკავეს, Facebook-ის გვერდის საშუალებით თავის მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს ხვალ, 10 დეკემბერს აქციაზე გამოვიდნენ. 

"მე უვადო შიმშილობას ვაცხადებ. მე ისევე, როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდანის გამარჯვება მოიპარა და კონსტიტუციის გარანტიდან კორუფციის გარანტად ქცევით საკუთარ ხალხს უღალატა. მე არ შემშინებია პუტინის, მითუმეტეს არ შემეშინდება ამ წვრილმანი ქურდების ხროვის. ჩემი ცხოვრება ეკუთვნის უკრაინისა და საქართველოს ხალხს და კორუფციულ სისტემასთან და ოლიგარქებთან ბრძოლას! ნუ გეშინიათ, ისინი ძალიან სუსტები არიან, თავადვე ხვდებიან ამას და ამიტომაც ეშინიათ ასე ძალიან! ისინი ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც თქვენ!

მე მოგიწოდებთ ყველას გამოხვიდეთ ქუჩაში და ამ დაჯგუფებას აჩვენოთ, რომ უკრაინის მმართველები ისინი კი არა, თქვენ, უკრაინის ხალხი ხართ!

10 დეკემბერს 12:00 საათზე შევჩენკოს პარკში. იქ ყველა უნდა იყოს!,"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა გააკეთა.

სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში.

კომენტარები