მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"ყველა სცენარისთვის მზად ვართ" - ენმ-ის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პარტიის ლიდერის და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. 

პარტიის წევრების თქმით, შეკრების მიზანი პარტიის შიგნით სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმებაა. 

"ეს შეკრება ეძღვნება იმ ბოლო 24 საათის მოვლენებს, რომელიც ვითარდება ყველას თვალწინ კიევში, იმ ლაჩრულ საქციელს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის ოლიგარქიული ხელისუფლებისგან. მე მინდა, ყველას ვუთხრა და პირველ რიგში, საქართველოს ოლიგარქს, ივანიშვილს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველანაირი სცენარისთვის მზად არის,"- ამბობს ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან შიმშილობა დაიწყო.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა გააკეთა.

სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში.

კომენტარები