განათლების სამინისტრო

ჩხენკელი: უფროსკლასელებს იმიტომ ამოწმებენ, რომ სკოლებში პიროტექნიკა არ შეიტანონ

news.ge

განათლების და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში მოსწავლეების ჩანთების ჩხრეკა პიროტექნიკას უკავშირდება. მისივე თქმით, ეს "ჩვეულებრივი" პროცედურაა.

"ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა", - განაცხადა ჩხენკელმა.

"ინტერპრესნიუსს" რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მანდატურის სამსახურმა უფროსკლასელების შემოწმება დაიწყო. მათი თქმით, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ. 

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ აქტუალური გახდა სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი. მანდატურის სამსახურის მეტი ეფექტურობისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მანდატურის სამსახური უფრო ეფექტური უნდა გახდეს, “ხოლო მანამდე, ვიდრე ეს მოხდება, უსაფრთხოების ზომების დასაცავად სკოლებთან საპატრულო პოლიცია იქნება მობილიზებული”. შს მინისტრის თქმით, "სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა".

კომენტარები