საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: უმრავლესობის მხრიდან ასეთი საჯარო წერილების მოწერა მიუღებელია

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერმინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა". გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის დეპუტატს შოთა შალელაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მას ღია წერილით მიმართა. დეპუტატმა წერილში გამოთქვა ინიციატივა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარონ.

"საკითხი არის ძალიან სენსიტიური და, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს რეგიონში." - განმარტა პრემიერმა.

შოთა შალელაშვილის შეფასებით, საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარება, კარგად აისახება როგორც საქართველო-აშშ, ასევე საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზეც.

"მოგმართავთ ინიციატივით, რაც შეიძლება მოკლე დროში, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად საქართველოს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი აშშ-ის შემდეგ გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რაც დაადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მყისიერად მოუტანს დივიდენდებს ჩვენ ქვეყანას." - ნათქვამია შალელაშვილის ღია წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე აღიარა.

კომენტარები