საქართველოს პრემიერმინისტრი

კვირიკაშვილი: მეჭიაური, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას

ეს არ არის პიროვნული საკითხი. ეს არის გუნდის კონსოლიდაციის საკითხი - გუნდი უნდა იყოს კონსოლიდირებული, იქ არ უნდა არსებობდეს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი და ბატონი თამაზი ამას არ მალავს, მას აქვს განსხვავებული მოსაზრება ქვეყნის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით. ამიტომ, სავარაუდოდ, ის თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იქნება მომავალ გუნდში. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადამიანებთან მიმართებაში ასე იქცევა, რომ მივიღებ გადაწყვეტილებას და ბატონი თამაზი აღარ იქნება - არ ვიტყვი ამას, რამდენიც არ უნდა შემეკითხოთ. მე საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებები მიმიღია ჩემი კარიერის განმავლობაში და დამერწმუნეთ, ამის უნარის ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ მეორეა ადამიანებს როგორ ექცევი და ყველა ადამიანთან უნდა მოვიქცეთ ღირსეულად - ბატონმა თამაზმა ურთულეს პერიოდში, როცა ბევრ ადამიანს ეშინოდა ახალ პოლიტიკურ გუნდთან -ქართულ ოცნებასთან ყოფნა, გადადგა თამამი ნაბიჯები, ამიტომ, ჩემი მხრიდან უკიდურესად არაეთიკური იქნება ვთქვა, რომ მე მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩვენ ბატონ თამაზთან ერთად შევთანხმდებით

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედის პირდაპირ ეთერში

კომენტარები