მიხეილ სააკაშვილის დაკავება

შს მინისტრის მრჩეველი: სააკაშვილს 256-ე მუხლის გარდა სხვა ბრალიც შეიძლება წარუდგინონ

მიხეილ სააკაშვილის დაკავება
Reuters

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორან შკირიაკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის გარდა შესაძლოა სხვა ბრალიც წაუყენონ. საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ადგილობრივი დროით 14:00-ზე არის დაგეგმილი.

პოლიციის მიკროავტობუსი, რომლითაც სააკაშვილი გადაყავთ ამ დრომდე არ იძვრის, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებს ქუჩა გადაკეტილი აქვთ.


ფოტო: კადრი პირდაპირი ეთერიდან

დაკავებამდე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სააკაშვილი მისი კორპუსის სახურავზე იყო, საიდანაც მხარდამჭერებს მიმართავდა. სააკაშვილის განცხადებით, პეტრო პოროშენკო მის დაკავებას პუტინის მიერ გაცემული ბრძანების გამო გეგმავდა.

სააკაშვილის დაკავების ვიდეო:

"არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. 

"ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა. 

კომენტარები