ჩვენ ერთნაირი ხვედრი გვქონდა ათეისტური რეჟიმის დროსაც და ორივემ დიდი თავდადებისა და მსხვერპლშეწირული მსახურებით გადავლახეთ ეს უმძიმესი განსაცდელი.
დღეს სხვა რეალობაა. თუმცა, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები კვლავაც სერიოზულია და, ამასთან, მრავალფეროვანი როგორც სულიერ, ისე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, თუ სხვა სფეროში.
მაგალითად, როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარიტიულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს, რის შესახებაც ჩვენ ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს. წმ.წერილში ვკითხულობთ: ,,სიმართლე და სამართლის თქმა, მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის” (სიბძნ.სოლომნ. 21;3).
ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, სიმართლე და მშვიდობა იზეიმებს.