კრიმინალი

"ამოღებულია ხელყუმბარები და საბრძოლო ვაზნები" - შსს-მ ქობულთში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ფ.ო. ქობულეთში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით. ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ფ.ო.-ს მიერ გადამალული, „აკა 74“-ის და „აკმ“-ის მოდელების 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატები, ხელყუმბარები და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისთვის.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები