მიანმარი

რომის პაპი მიანმარის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

Reuters

რომის პაპი ფრანცისკე მიანმარს ეწვია და ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის და მიანმარის არმიის გენერლებს შეხვდა.

რომის პაპს როჰინჯა მუსლიმები არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ ქვეყნაში სამოქალაქო კონფლიქტია, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და საზოგადოების ღრმა დაყოფა გამოიწვია.

"რელიგიური განსხვავებები დაყოფის და უნდობლობის ნაცვლად ერთობის, მიმტევებლობის, ტოლერანტობის და ქვეყნის გონიერი მშენებლობის წყარო უნდა იყოს" თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში რაკჰაინის პროვინციაში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით რომის პაპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ უფალი გადაარჩენს მუსლიმ უმცირესობას და ისინი სრულ უფლებებს მიიღებენ.

გაეროს მონაცემებით ბანგლადეშს ამჟამად მიანმარიდან გაქცეული 624 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი აფარებს თავს.

რომის პაპი მიანმარის შემდეგ ბანგლადეშს ეწვევა.

კომენტარები