სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციისას დაკავებულის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს

ტვ პირველი

სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განიხილონ. სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. შუამდგომლობას პროკურატურამ მხარი დაუჭირა, მოსამართლე რომან ხორავამ კი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ჟურნალისტებმა ისიც კი არ იციან, რომელ დარბაზში იმართება სასამართლო პროცესი. 

დაკავებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ მედიას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, ის ასევე ამბობს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა. 

"დავაყენებთ პროცესის დახურვის შუამდგომლობა, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი თხოვნის საფუძველზე. ვინაობას და ასაკს ვერ გეტყვით. არ არის საქართველოს მოქალაქე, არის რუსეთის მოქალაქე, მტკიცებულებები არ არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, მისი განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი შეხება არ აქვს", - ამბობს ადვოკატი. 

პროკურატურამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირს ბრალი გუშინ, 23 ნოემბერს წარუდგინა. უწყების ცნობით, "დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს". 

დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება დღეს გეგმავს. 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ღამით დაიწყო და თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3".

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები