მიანმარი

რექს ტილერსონმა მიანმარი როჰინჯა მუსლიმების ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა

რექს ტილერსონი
Getty

აშშ-მა ოფიციალური პირების მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში ვიზიტი დროებით შეაჩერა. მიზეზად პოტენციური პროტესტი სახელდება, რაც შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებას მოჰყვეს, რომელშიც მან მიანმარი როჰინჯა მუსლიმების ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა.

ტილერსონი იმ სამხედრო პირების დასჯითაც დაიმუქრა, ვისმა ქმედებებმაც აგვისტოს შემდეგ მიანმარიდან 620,000 როჰინჯა მუსლიმის გაქცევა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ მიანმარის უსაფრთხოების ძალები როჰინჯა მუსლიმების წარმომადგენლებს ამბოხებაში და კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებენ ტილარსონმა განაცხადა, რომ "ვერანაირი პროვოკაცია ვერ გაამართლებს იმ საშინელებებს რაც მოხდა."

"ხელმისაწვდომი ფაქტების ფრთხილი და საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ ნათელია, რომ სიტუაცია ჩრდილოეთ რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას წარმოადგენს" თქვა ტილარსონმა განცხადებაში.

მიანმარის არმიის ქმედებებისათვის ეთნიკური წმენდის წოდება აშშ-ს რაიმე ვალდებულებას არ აკისრებს, თუმცა ტილერსონმა თქვა, რომ ისინი, ვინც ამაში მონაწილეობდნენ უნდა დაისაჯონ. მისვე თქმით აშშ-ს სრული გამოძიების ჩატარება უნდა და განიხილავს სანქციების დაწესებას კონკრეტული ინდივიდებისათვის, თუმცა არა უფრო ფართო სანქციებს ქვეყნის წინააღმდეგ. 

გასულ კვირას ტილერსონი მიანმარს ეწვია და ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის და სამხედრო ლიდერებს შეხვდა. აშშ-მა მიანმარის სამხედრო ძალებთან კავშირი უკვე შეკვეცა. აგვისტოში რეგიონში განვითარებული ძალადობის შემდეგ მიანმარის სამხედროებს ვიზაზე და ამერიკისაგან დახმარების მიღებაზე შეზღუდვები დაუწესდათ.

კომენტარები