ბიუჯეტი 2017

მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებას და მისი 305 მილიონით გაზრდას გეგმავს

ტაბულა

პარლამენტში შევიდა 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებს 305 მილიონი ლარით ზრდის. ამ ზრდის შედეგად საქართველოს ბიუჯეტი წელს 11.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ზრდა რამდენიმე გადასახადის გადაჭარბებით შესრულებამ გახადა შესაძლებელი. სამინისტროების მიხედვით შემოთავაზებული ზრდა ასე გამოიყურება:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 476.5 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში 106.0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება: - ბიზნეს-სახლის მშენებლობა; - ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა; - მთის კურორტების ინფრასტრუქტურა (ბაკურიანი).
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 323.0 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში 65.0 მლნ ლარით, მათ შორის: - სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35.0 მლნ ლარი; - აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35 მლნ ლარი, მათ შორის ტექნიკის შეძენა - 20 მლნ ლარი, ხოლო საწამლი საშუალებების შეძენა - 15 მლნ ლარი. 
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 1 288.0 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 30 მლნ ლარით, მათ შორის: - წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის დამატებით გათვალისწინებულია 16.0 მლნ ლარი, შესაბამისად შესაძლებელია ამავე თანხით შემცირდეს მომდევნო წლის ასიგნებები; 8 - მყარი ნარჩენების პროექტის თანადაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 9.0 მლნ ლარი, შესაბამისად შესაძლებელია ამავე თანხით შემცირდეს მომდევნო წლის ასიგნებები; - საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 5.0 მლნ ლარი;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 146.8 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 10.0 მლნ ლარით, რაც გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსებისთვის, შესაბამისად შესაძლებელია ამავე თანხით შემცირდეს მომდევნო წლის ასიგნებები;
  • ენერგეტიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 197.3 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 65.0 მლნ ლარით, მათ შორის: - გაზიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 50.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში და შესაძლებელი იქნება მომდევნო წელს გათვალისწინებული 30.0 მლნ ლარის შემცირება და მისი მიმართვა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; - 2018 წელს დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების (რომლებსაც ახორციელებენ სახელმწიფო კომპანიები) თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 15.0 მლნ ლარი და აღნიშნული თანხა შემცირდება 2018 წლის ბიუჯეტში;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 99.8 მლნ ლარამდე, დამტკიცებულ გეგმათან შედარებით სამინისტროს ასიგნება გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, რაც მოხმარდება დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას (კონტრაქტორი კომპანიების ნაწილმა ვადაზე ადრე შეასრულეს მშენებლობის გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები და მიზანშეწონილია განხორციელდეს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება განისაზღვრა 115.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 5.0 მლნ ლარით. დამატებითი თანხის გამოყოფა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად სამინისტრო აფინანსებს უცხო ქვეყნებში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს და ამ მიზნით მიიმართა ბიუჯეტის დაგეგმვისას პროგნოზირებულთან შედარებით მეტი თანხა. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანში მიზანშეწონილია წინსწრებით მოხდეს საელჩოს შენობის იჯარის ქირის დაფარვა, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები (რიგ ქვეყნებში არსებული მოლაპარაკებების შესაბამისად, წინსწრებით გადახდის შემთხვევაში იჯარის ფასი მცირდება);
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 24.0 მლნ ლარის ოდენობით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 4.0 მლნ ლარით, აღნიშნული თანხით იზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი, რითაც ხდება იმ თანხის კომპენსირება, რომელიც სამინისტრომ მიმართა მიმდინარე წლის ზაფხულში ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების წახალისებისთვის;
  • საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო შენობის მშებელობა დაიწყება 2018 წელს (აღნიშნულ საკითხზე მიღებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება);

ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება რამდენიმე გადასახადის (კერძოდ დღგ და მოგების გადასახადში) შესრულებაში არსებულმა ზრდამ გამოიწვია. საინტერესოა, რომ დღგ-ს გეგმა ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 241 მილიონი ლარის გადაჭარბებით, მოგების გადასახადის გეგმა კი პირვანდელთან შედარებით 59 მილიონი ლარის გადაჭარბებით სრულდება.

აქციზის გადასახადის შესრულებაში კი პრობლემებია, წელს აქციზის გეგმა 1.43 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა მისი სრულად აკრეფა ვერ მოხერხდება და ამ გადასახადის გეგმა 193 მილიონი ლარით მცირდება.

 

კომენტარები