სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: მთავრობას პარლამენტი ნდობას, სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს გამოუცხადებს

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის დასაწყისში გამოუცხადებს. კობახიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელიც ნდობის გამოცხადებამდე უნდა განხორციელდეს. 

„მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ახლა დაიწყება კონსულტაციები ვადებთანდაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიწერება კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვით, ჯერ მივიღებთ ცვლილებებს მთავრობის შესახებ კანონში და ამის შემდეგ უკვე ნდობა გამოეცხადება მთავრობის ახალ შემადგენლობას. რაც შეეხება ვადას - ეს დამოკიდებულია კონსულტაციებზე, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში დასრულდება მთლიანად ეს პროცესი."- ამბობს ირაკლი კობახიძე.

პრემიერმა კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები 13 ნოემბერს წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, ოთხმა უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროებს უერთდება. მათ შორის: ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვის და ევროინტეგრაციის სამინისტროები. 

შეიცვალა რამდენიმე მინისტრიც. გიორგი გახარია ინიშნება შსს მინისტრად, ამავდროულად ის ვიცეპრემიერის პოსტს მიიღებს; მამუკა ბახტაძე ინიშნება ფინანსთა მინისტრად, ხოლო ეკონომიკის მინისტრის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იქნება. 

დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო.

საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს. 

კომენტარები