საქართველო-უკრაინა

რატომ დააბრუნეს უკრაინიდან საქართველოში 8 მოქალაქე – საელჩოს განცხადება

kvira.ge

უკრაინიდან საქართველოში რვა მოქალაქის იძულებით დაბრუნების შესახებ, უკრაინაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქართველების გამოძევებას "უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებით" ხსნით. საქართველოს საელჩოს განცხადებით, ის აგრძელებს "პერმანენტულ კავშირს", როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულებით დააბრუნეს საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნის უკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.

საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები" - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინიდან გამოძევებული ქართველები საქართველოში ბორანით დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან იძულებით გამოშვებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივ ოპერაციას" უწოდებს. მისი თქმით, გამოძევებული ქართველები მისი "ძველი ნაცნობები, მეგობრები არიან".

კომენტარები