ქალთა უფლებები

ომბუდსმენი მარნეულის მერს: თავი შეიკავეთ სექსისტური გამონათქვამებისგან

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი მოუწოდებს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, "თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობისას, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში". უჩა ნანუაშვილი მარნეულის ახლადარჩეული მერის თემურ აბაზოვის სოფელ კაჩაგანის მოსახლეობასთან შეხვედრას ეხმაურება, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. რადიო მარნეულის ინფორმაციით, შეხვედრაზე მისულებმა თქვეს, რომ მათი ცოლებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი, ქალების არყოფნის მიზეზად სადილის გაკეთება დაასახელა. ამას დაეთანხმა მარნეულის მერიც, რომლის თქმითაც, "ალბათ, ამ დროს, შუადღე არის და თავიანთი მეუღლეებისათვის საკვებს ამზადებენ.“

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი, ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია.

"ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული კი ქმნის საფრთხეს, რომ ქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია" - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები