კატალონია

კატალონიაში ყოფილი მინისტრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს

Twitter

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს - კატალონიაში მასშტაბური აქციები არ წყდება. ისინი პრეზიდენტ კარლეს პუჩემონტის და მინისტრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

"შეხედეთ აქ მოსულ ადამიანებს. დამოუკიდებლობის მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება", - ამბობს აქციის 63 წლის მონაწილე. 

პუჩემონტი კი თავის ტვიტერზე წერს: "თქვენ მიერ ანთებული სინათლე აღწევს ჩვენამდე ბრიუსელში და გვინათებს გზას, რომელსაც უნდა გავყვეთ". 

პუჩემონტი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი ბელგიაში იმყოფება. ისინი ბელგიის სამართალდამცავებს 5 ნოემბერს ჩაბარდნენ. ისინი მადრიდიდან ბელგიაში მაშინ გაფრინდნენ, როცა მათ მიმართ ესპანეთმა გამოძიება დაიწყო. კატალონიის გადაყენებული მთავრობის 8 ყოფილ მინისტრს კი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბერს პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, მათ 6.2 მილიონი ევროს ჯარიმაც დააკისრა.

ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში პუჩემონტი და კატალონიის 4 ყოფილი მინისტრი ბელგიის სასამართლომ რამდენიმე პირობით გაათავისუფლა: კატალონიის ყოფილ ლიდერებს არ შეუძლიათ სპეციალური უფლების გამოთხოვის გარეშე ქვეყნის დატოვება, ასევე მათ სასამართლოს საცხოვრებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. 

27 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიურმა პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის საპასუხოდაც ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის ავტონომიის მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება რახოიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთის სენატმა ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რაც ცენტრალურ მთავრობას ავტონომიის სტატუსის შეჩერების უფლებას აძლევს.

პრემიერმინისტრის განკარგულებით 21 დეკემბერს კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს. დაკავების შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კატაოლონიის მთავრობის ყოფილი წევრები.

კატალონიაში პოლიტიკური კრიზისი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

კომენტარები