შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებულების ჩხრეკისას, ჯამში 50 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს. ფონიჭალის დასახლებაში, ოთხ სხვადასხვა ადგილას სპეცოპერაციისას, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 1977 წელს დაბადებული ვ.ჯ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, 1983 წელს დაბადებული ზ.ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, 1982 წელს დაბადებული ე.ი-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 15 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო"- აცხადებს შსს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).
ბოლო ორ თვეში, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, ათზე მეტი პირი დააკავეს.