ოკუპაცია

პრეზიდენტი: მავთულხლართები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ მომავლის იმედით

პრეზიდენტის ადმინიტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ხურვალეთის საოკუპაციო ზოლის მონახულებისათვის.

"მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მობრძანდა აქ, ისევე როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი და თავისი თვალით ნახა მავთულხლართებიც და წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაც. ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა - საქართველო. არა ერთ ევროპელ ლიდერს უნახავს ეს და ეს დღეს ნახა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა. აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, სულ რაღაც ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. დღეს ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს და ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები. ისინი დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ დაინგრევა იმ მტკიცე დემოკრატიული კურსით, რომელიც აქვს ჩემ ქვეყანას, იმ ღია გულით და იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენს მიერ კონტროლირებად ქვეყანაშიც. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი  და გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ ამ პოზიციას მხარს უჭერთ, ამ პოზიციას იზიარებთ და ამ გზაზე ეხმარებით  საქართველოს", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და უფრო აქტიურად გაგრძელდეს ამ საკითხების წამოწევა საერთაშორისო ფორმატებში. პრეზიდენტების ამ კომენტარებს პრეზიდენტის ადმინიტრაცია ავრცელებს. 

"მე შემიძლია გამოვიყენო ყველა მართებული დიპლომატიური ტერმინი, რათა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია; რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42 რაუნდმა დადებითი შედეგი არ გამოიღო; რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მაქსიმალურად აქტიურად წამოწევას, საბოლოოდ, კი ეს ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, რადგან არსებობს მავთულხლართები; ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ნათესავების მონახულება და მათთან საუბარი, რადგან არსებობს მავთულხლართები." - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა

კომენტარები