აზიური ფაროსანა

ქებურია: დაბურულ შუშებს მიღმა არსებობს საქართველო, სადაც გადარჩენისთვის იბრძვიან

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა, ლელა ქებურიამ პარლამენტის დღევანელ პლენარულ სხდომაზე სხდომაზე აზიური ფაროსანასგან დაზარალებული ხალხის დახმარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მმართველ გუნდს მათთვის კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდა. 

"მესმის, რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული მიდგომები და შეხედულებები გვქონდეს არჩევნებთან ან კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომ უდგებით ამ საკითხს, როგორც ოპოზიციის ახირებას და კაპრიზს? თქვენი ძალაუფლება, რომელიც უფრო გაიმყარეთ, არ არის მხოლოდ ძალაუფლება ეს არის ვალდებულება, რომელსაც მხოლოდ პლაკატებით "მადლობა ნდობისთვის" ვერ უპასუხებთ, საქმითაც უნდა უპასუხოთ. სრულიად უპასუხისმგებლო ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში მესმის, რომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა ზარალზეა საუბარი. არც შესწავლილი გაქვთ და არც აღწერილი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. ჩადით და მოუსმინეთ ხალხს, მოიუსმინეთ, ვინც თვიდან თვემდე იბრძვიან არსებობისთვის. გაიგებთ, რომ რომ ადამიანები ბავშვს სკოლაში ვერ უშვებენ იმის გამო, რომ თბილი ფეხსაცმელი ვერ უყიდეს, საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. იმ საბანკო ვალდებულებებს, რომელიც აიღეს თავიანთი თხილის მოსავლის შესაწამლად, გაიგებთ, რომ თქვენი დაბურული შუშების მიღმა არსებობს სხვა საქართველო, სადაც შიათ, წამლებს ვერ ყიდულობენ და სადაც სცივათ. მე დაგპირდით, რომ ამ პრობლემას ყოველ ჯერზე შეგახსენებთ და არ მოგცემთ საშუალებას ეს ხალხი გაწიროთ შიმშილისთვის. თუ სამეგრელოს არ დაუდგებით გვერდზე ახლა, მომავალში გორში განადგურდება ვაშლი და ატამი, კახეთში ყურძენი და ა.შ", - თქვა ქებურიამ.

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც. 

ფაროსანა ახლა გამოზამთრების ეტაპზეა გადასული. ამისთვის თბილ ადგილებს ეძებს და საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებსა და სხვენში შედის. მოსახლეობამ ის კარადაში, ტანსაცმლებსა და თეთრეულში აღმოაჩინა. ფაროსანა უსიამოვნო სუნსაც გამოსცემს.

კომენტარები