არჩევნები 2017

აცდენილი საარჩევნო გენდერული სტატისტიკა, ცესკოს პასუხი და პროცენტის გამოთვლა

21 ოქტომბრის საღამოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია 20:00-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე 1 569 992 ადამიანი მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას თან ახლდა არჩევნებზე მისულთა გენდერული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე მივიდა 944 135 კაცი (60.14%) და 625 857 ქალი (39.86%). ცესკოს თავდაპირველი დოკუმენტის მიხედვით, პრაქტიკულად ყველა ოლქში კაცების რაოდენობა ქალებისას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, სხვაობა ყველაზე მაღალი ხელვაჩაურის ოლქში იყო, სადაც დოკუმენტის მიხედვით, არჩევნებზე მისულთა 92.59% მამაკაცი იყო.

ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე და ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა მედიის წარმომადგენლებს. მოგვიანებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე მისულთა გენდერული შემადგენლობის შესახებ რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე მისულთა შორის 780 911 ანუ (49.72%) იყო კაცი, ხოლო 789 652 ანუ (50.28%) - ქალი.

საინტერესოა, რომ ცესკოს თავდაპირველი დოკუმენტი საიტზე აღარ იძებნება, ლინკი, სადაც დოკუმენტი იყო ჩასმული, ცარიელია. წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც ცესკოსგან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მივიღეთ და რომელიც ცესკოს ვებგვერდზეც იყო გამოქვეყნებული. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცესკოს მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, არჩევნებზე 1 569 992 ადამიანი მივიდა, ახლა კი, ვებგვერდის მიხედვით, არჩევნებზე მისულთა რაოდენობა ამაზე 571 ადამიანით მეტია და ის 1 570 563-ს შეადგენს.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, რამ გამოიწვია ამ დოკუმენტებს შორის სხვაობა, ცესკოს დავუკავშირდით:

ტაბულასთან საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად გამოქვეყნებულ მონაცემს აკლდა რამდენიმე უბნის მონაცემები, შესაბამისად, სხვაობაც ამან გამოიწვია.

"რვა საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებს უბნებიდან მიეწოდებათ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ასევე, უბნებიდან აწოდებენ ინფორმაციას გენდერულ ჭრილში. თუმცა მთავარი პრიორიტეტი იყო ჩვენთვის, რომ საზოგადოებისთვის სწრაფად და დროულად მიგვეწოდებინა ინფორმაცია აქტივობის შესახებ. ის მონაცემები, რაც იყო გენდერულ ჭრილში, მას აკლდა რამდენიმე უბნის მონაცემები, თქვენ თუ ნახავთ, თუნდაც აქტივობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოო მონაცემებში ოდნავ განსხვავებულია მაჩვენებელი. 571 ადამიანია სხვაობა. 

ეს არის წინასწარი მონაცემები და სწორედ ამიტომ ჰქვია მონაცემებს წინასწარი, რომ ისინი არის წინასწარი და ის შეიძლება, არ იყოს ზუსტი. აქ აკლდა ერთი თუ ორი უბნის მონაცემი და როდესაც დაემატა ეს მონაცემი, შემდეგ დეტალურად მოხდა ამის დათვლა და მივიღეთ საბოლოო მონაცემი, რაც არის. ამიტომ განსხვავდება, წინასწარი მონაცემი სხვა არის და საბოლოო სხვა. ის, რაც შემდეგ არის დადებული, რა თქმა უნდა, არის ზუსტი მონაცემი", - ამბობს მიქელაძე.

კითხვა: მაგრამ 571 ადამიანის დამატებას, პროცენტულად ამ მოცულობის სხვაობის გამოწვევა როგორ შეეძლო?

"გასაგები არის, მესმის აბსოლუტურად. გეტყვით, კანონმდებლობით უბნები არიან ვალდებულები, ინფორმაცია მიაწოდონ საოლქო კომისიებს, საოლქო კომისიები კი ვალდებული არიან, ჩვენ მოგვაწოდონ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ამ აქტივობაში ჩაშლა გენდერულ ჭრილში არის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გენდერული პოლიტიკა შემუშავებული, ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, თუმცა იმ მომენტისათვის, ეს შეიძლება, არ იყო ზუსტად დათვლილი და სწორად მოწოდებული", - ამბობს მიქელაძე.

მათემატიკური ნაწილი:

571-კაციანი სხვაობა, რაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი საუბრობს, წარმოადგენს მისული ამომრჩევლების 0.036%-ს. შესაბამისად, ამომრჩეველთა ეს რაოდენობა საკმარისი ვერ იქნებოდა, გამოეწვია თავდაპირველ და საბოლოო მაჩვენებლებს შორის ასეთი სხვაობა. მაგალითად, თავდაპირველად გამოქვეყნებული დოკუმენტით არჩევნებზე მისულთა შორის 944 135 იყო კაცი, ეს კი საბოლოოდ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს 163 224-ით აღემატება. ეს 285-ჯერ აღემატება 571-ს, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვაობის გამომწვევ მიზეზად მოიხსენიებს.

კომენტარები