ტყის ხანძრები

CENN: 2016 წელს მსოფლიოში დაკარგული ტყეების რაოდენობა 29.7 მილიონი ჰექტარია

ეროვნული სატყეო სააგენტო

Global Forest Watch-ის პროექტის მიხედვით, რომელიც განახლებულ სატელიტურ მონაცემებს ეყრდნობა, 2016 წელს მსოფლიოში დაკარგული ტყეების რაოდენობამ 29.7 მილიონი ჰექტარი, ანუ დაახლოებით ერთი ახალი ზელანდიის ზომა შეადგინა. ეს 51%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტყის კარგვის ახალი რეკორდების შესახებ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელი (CENN) ავრცელებს.

რაც შეეხება საქართველოს, CENN-ის ინფორმაციით, 2016 წელს დაიკარგა 523 ჰექტარი ტყის საფარი, საიდანაც 109 ჰექტარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა, 71 ჰექტარი მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელო-ზემო-სვანეთში 89 ჰექტარი, ხოლო აფხაზეთში 76 ჰექტარი. 

Global Forest Watch-ის პორტალის მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ ტყის ხანძრების რაოდენობა და მასშტაბი საგრძნობლად გაზრდილია.

"ტყის ხანძრები ტროპიკულ წვიმიან ტყეებშიც კი გავრცელდა, სადაც ბუნებრივად არ უნდა ყოფილიყო. ტროპიკული ტყეები უფრო მოწყვლადი გახდა, მათი არასწორი მართვის გამო, ისევე როგორც კლიმატური ცვლილებების შედეგად (მათ შორის, ციკლური ელ ნინიო ფენომენის გამო). ტყის ხანძრებს დაემატა ასევე მუდმივი ნეგატიური ფაქტორები - ტყის ჭრა, სოფლის მეურნეობისა და სამთო წარმოების განვითარება", - აღნიშნულია კვლევაში.

Global Forest Watch-ის მიხედვით, ხანძრების შედეგად პორტუგალიაში მხოლოდ 2016 დაიკარგა 4% ტყის საფარი, ხოლო ბრაზილიის ამაზონიაში 3.7 მილიონი ჰექტარი ტყე, რაც სამჯერ მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.

"ტყის ხანძრები იწვევს არა მარტო ტყის კარგვას. წელს ხანძრებს ასამდე ადამიანი იმსხვერპლა კალიფორნიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში. ინდონეზიაში ხანძრების შედეგია 100 000 ნაადრევი სიკვდილის შემთხვევა. ხანძარი ასევე უარყოფითად მოქმედებს წყლის მიწოდების ხარისხზე, ტყის სტრუქტურაზე და ბიომრავალფეროვნებაზე, იწვევს ჭარბი რაოდენობით კარბონის გამოყოფას ატმოსფეროში", - აცხადებენ CENN-ში.
 
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანზიაციების ქსელის განცხადებით, ტყის ხანძრების პრევენცია არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე მათ შედეგებთან ბრძოლა.

"აუცილებელია სეზონურად მინდვრების გადაწვის შეზღუდვა, ადრეული შეტყობინების სისტემების დამონტაჟება და ტყის უკეთესი მართვა (ტყის დეგრადაციის და ფრაგმენტაციის თავიდან აცილება, ტყის აღდგენითი სამუშაოები)", - აცხადებენ ორგანზიაციაში.

საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის ინფორმაციით, ტყეებით დაფარულია ქვეყნის 2.7 მილიონი ჰექტარი, ანუ დაახლოებით 40%. მათ შორის, 0.5 მილიონი პირველადი, ანუ ხელუხლებელი ტყე, 2.2 მილიონი - ბუნებრივი ტყე, ხოლო 60 000 ჰა კი დაცვით ხელოვნურ პლანტაციებს წარმოადგენს.

კომენტარები