რკინიგზა

30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება

flickr.com

პირველი მატარებელი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს 30 ოქტომბერს გაივლის. რკინიგზას, რომლის აშენებასაც 10 წელი დასჭირდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახსნიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალი ბაქოში დაიწყება და მის ორგანიზებას აზერბაიჯანის მთავრობა ახდენს.

საქართველოზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის, აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია. ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 6.5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

რკინიგზა ექსპლოატაციაში 2018 წელს შევა, არსებული ინფორმაციით, მასზე სატვირთოსთან ერთად სამგზავრო მატარებლებიც ივლიან.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.

საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა.

საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები გასული 5 წლის განმავლობაში 40%-ზე მეტად შემცირდა. 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 20 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11.9 მილიონ ტონას შეადგენდა. ახალი რკინიგზის გახსნა კი საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს.

 

კომენტარები