რკინიგზა

ათასობით ტრაილერის მძღოლი შემოსავლის გარეშე რჩება - მათი საპროტესტო აქცია გრძელდება

საპროტესტო აქცია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში
rfe

ათასობით ტრაილერის მძღოლი შემოსავლის გარეშე რჩება, რისი მიზეზიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაა, რომელიც საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიურ უფლებას მხოლოდ რკინიგზას და პორტებს აძლევს. ამ აკრძალვით  საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება, რადგანაც რკინიგზით ხორბლის გადაზიდვა მის ღირებულებას გაზრდის, თუმცა ყველაზე მეტად, მის შედეგად ტრაილერების მძღოლები ზარალდებიან, რომელთაც საქართველოში ეს პროდუქტი შემოაქვთ. 

ეს მძღოლები ბრძანების გაუქმების მოთხოვნით უკვე მესამე დღეა თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საპროტესტო აქციას მართავენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საკუთარი ტრაილერებით რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აანონსებენ.

სამინისტროს პასუხი - ხორბლის რკინიგზით გადაზიდვა ბევრად ცივილიზებულია

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აგვისტოს თქვა, რომ აკრძალვის მიზეზი საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები გახდა, რომ ტრაილერების რიგები ტურისტებს უშლიდნენ ხელს. ამიტომ მისი თქმით, სახელმწიფომ ხორბლის უფრო "ცივილიზებული" გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო:

"პრაქტიკულად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იყო ძალიან დიდი რიგები, ვერ ახერხებდნენ ტურისტები შემოსვლას, ასეულობით მანქანა სწორედ ამ რიგების გამო უარს ამბობდა საქართველოში შემოსვლაზე და უკან ბრუნდებოდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იდგა. არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტი და რკინიგზა"- ამბობს მაჭავარიანი.

აკრძალვის შედეგად საქართველოს მთავრობამ ახალი მონოპოლია შექმნა და კომპანიებს ხორბლის ტრანსპორტირების ბაზარი ხელოვნურად ჩაუკეტა. მეტიც, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მოგებული დარჩება საქართველოს რკინიგზა, რომელიც უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. 

რკინიგზის შემოსავალი რეკორდულად არის შემცირებული, ცვლილება სავარაუდოდ მისი ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად

საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში 36%-ით , 74 მილიონ ლარამდე შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. რკინიგზის მოგება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 116 მილიონს აჭარბებდა. შემოსავლებთან ერთად შემცირებულია რკინიგზის მიერ გადატვირთული პროდუქციის მთლიანი მოცულობაც და ის მხოლოდ 5 მილიონ ტონას შეადგენს. 2012 წელთან შედარებით რკინიგზის ტვირთბრუნვა პრაქტიკულად განახევრებულია. 

სახელმწიფო კომპანიის ტვირთბრუნვის კლების მიუხედავად, კერძო ბიზნესის ტვირთბრუნვა მზარდია.

2018 წლის პირველ ნახევარში საავტომობილო კონტეინერებით საქართველოს ტერიტორიაზე 13 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით მეტია. სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო ბარიერების აღმართვით, რკინიგზა სწორედ საავტომობილო გადამზიდავებს წაართმევს ტვირთებს.

კომენტარები