ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი: რა თქმა უნდა, ვფიქრობ პარტიის შექმნაზე

ტაბულა

თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის პარტიის შექმნაზე და პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ სულ რაღაც 1%-მა გადაწყვიტა ყველაფერი, რაშიც იგულისხმებოდა ის, რომ მეორე ტური აღარ ჩატარდა. თუმცა, ელისაშვილისვე თქმით, ამაში დამნაშავე თვითონ არის, რადგან ვერ შეძლო თავისი ამომრჩევლის სრულად მობილიზება, რომელიც ელისაშვილისვე მტკიცებით, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე არჩევნებზე მისი ამომრჩევლები. 

"ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ არაფერი არ დასრულებულა, ხალხს უნდა ცვლილება. ხალხს უნდა, რომ პოლიტიკაში იხილოს კეთილსინდისიერი, წესიერი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები და ყელში ამოუვიდათ ერთი და იგივე დამყაყებული, დაჭაობებული პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები. ცვლილებაზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და ჩვენ ვეცდებით, რომ დღეიდან თანამიმდევრული შრომით თითოეული ის ადამიანი დავარწმუნოთ, ვინც სხვადასხვა მიზეზით სახლში დარჩა და მათი მისვლა მომდევნო არჩევნებზე არის მნიშვნელოვანი და თითოეული მოქალაქის ხმა მართლაც მნიშვნელოვანია,"- ამბობს ელისაშვილი. 

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ყოველი მეორე თბილისელი ქართული ოცნების კანდიდატის კახა კალაძის ამომრჩეველია. ელისაშვილს თქმით, კალაძის შედეგი "ყოველი მეოთხე თბილისელის ხმას ნიშნავს, რადგან არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები მივიდა".

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის შექმნას, ელისაშვილი პასუხობს, რომ "რა თქმა უნდა" ფიქრობს პარტიის შექმნაზე, თუმცა იქვე ამატებს, რომ ეს "ცოტა ადრეა".

"მე, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ვარ და სანამ ენერგია და შემართება მეყოფა, მე აქ ვიქნები. პარტიის შექმნაზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მომავალზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან არანაირ ურთიერთობას არ ვფიქრობ. საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად წესიერ, კეთილსინდისიერ, პროფესიონალებთან ერთად ვფიქრობ პარტიის შექმნაზე, მაგრამ ეს ცოტა ადრეა, მანამდე "თბილისის ამქარი", თბილისელთა გაერთიანება იქნება ის ასპარეზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ქალაქისთვის ბრძოლას განვაგრძობთ,"- აცხადებს ელისაშვილი. 

კომენტარები