თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შტაბის წარმომადგენელი საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ელისაშვილის თქმით, დამკვირვებელს დარღვევის კამერით გადაღება სურდა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და უბანი დაატოვებინეს. ელისაშვილი ზეწოლაზე საუბრობს.
"ეს არის ერთმნიშვნელოვანი ზეწოლა ჩემს დამკვირვებელზე. ჩვენ ვიყავით წინასწარ ინფორმირებულები, რომ რეგისტრატორები ხშირად სცოდავენ და როდესაც არიან წინასწარ ინფორმირებულები, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი არ არის ესა თუ ის ამომრჩეველი, ან ხელმოწერას აკლებენ ბლანკს, ან ბეჭედს არ არტყამენ ჯეროვნად და შესაბამისად, ბათილდება ეს ბლანკი. ამ ფაქტის აღბეჭდვა სურდა კამერით ჩემი შტაბის წარმომადგენელს და მას დაატოვებინეს უბანი. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ზეწოლა. ქართული ოცნება ხედავს, რომ აქტივობა არის მაღალი, ახლოვდება და უახლოვდება მის კანდიდატს მეორე ტური და დაიწყო ზეწოლა. ჩვენ ამას ველოდით, მაგრამ ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდება ხელისუფლებას. არის ინფორმაცია, რომ მეორე დამკვირვებელსაც დაატოვებინებენ უბანს. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. მოვისმინეთ საოლქო კომისიის ხელმძღვანელის განცხადება, რომ არაფერი მომხდარა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასაც დაველოდებით", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.





