ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა ივანე ნორაკიძემ ხმის მიცემისას გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, სამგორის 82-ე, ნაძალადევის 74-ე, საბურთალოს 23-ე და მთაწმინდის 20-ე უბანზე დაფიქსირდა კარუსელის შემთხვევები.
"ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ე.წ. კარუსელის, როცა ამომრჩევლები მივიდნენ უბნებზე და მათ გრაფებში ხელი უკვე მოწერილი იყო სხვა ადამიანების მიერ. ჩვენ ვაფრთხილებდით ცესკო-ს, რომ ეს მოსალოდნელი იყო, ვითხოვდით ნებართვას, რომ სიები გადაგვემოწმებინa ალტერნატიული, ელექტრონული საშუალებებით, მაგრამ ცესკო-სგან მივიღეთ უარი და ახლა ამ უარის შედეგებს ვიმკით", - ამბობს ნორაკიძე.
ნორაკიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქართული ოცნების აგიტატორების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. რიგ უბნებში ქართული ოცნების წარმომადგენლები ინიშნავენ ამომრჩეველთა პირადი სახის მონაცემებს. ამ განცხადებაზე ცესკოში ამბობენ, რომ მსგავსი ხასიათის ქმედება კანონდარღვევას არ წამოადგენს. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო უბნების გარეთ არც აგიტაცია იკრძალება.





