დღეს, 18 ოქტომბრის დილას, შილდაში 24 წლის ქალი თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. შსს-ის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი შიშველი იყო და გვამს დაზიანებები აქვს. არხის ჟურნალისტს მოუყვნენ, რომ შემთხვევამდე ოჯახში კონფლიქტები ხშირი იყო და ამის შესახებ პოლიციაც არაერთხელ იყო ინფორმირებული.
ტაბულა ეცადა ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გადაემოწმებინა. თუმცა, ამ ეტაპზე პასუხი ვერ მივიღეთ, იყო თუ არა პოლიცია ინფორმირებული ოჯახში ძალადობის შესახებ და რა გააკეთეს პრევენციისთვის.
რუსთავი 2-ს ისიც უთხრეს, რომ მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, რომ შესაძლოა ქალი მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის იმიტაცია შექმნეს. გარდაცვლილის მეუღლემ არხს ინტერვიუში უთხრა, რომ ცოლი სუიციდზე საუბრობდა, ასევე ის, რომ მათ უსიამოვნებები არ ჰქონიათ.
ერთ-ერთი მეზობელი რუსთავი 2-თან ინტერვიუში იმასაც იხსენებს, რომ გარდაცვალებამდე ქალი ხელზე დაზიანებებით ნახა.
24 წლის გარდაცვლილი ქალის დედის მტკიცებით, შვილის გასვენებაში წასვლის უფლებას სიძის ნათესავები არ აძლევენ და მოკვლით ემუქრებიან. მისივე თქმით, გოგოს გარდაცვალებამდე მისმა დედამთილმა მისი სახლში წაყვანა მოსთხოვა.