ახალი კონსტიტუცია

ჩუგოშვილი: გამოქვეყნებისთანავე დავიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირებას

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, როგორც კი კონსტიტუციის ახალ დოკუმენტს ხელი მოეწერება, უმრავლესობა მაშინვე დაიწყებს ახალ ცვლილებებზე მუშაობას. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უმრავლესობას კიდევ ოთხი მიმართულებით აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ ჩუგოშვილი ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

„როგორც კი ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება დოკუმენტი, ჩვენ უკვე დავიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირების პროცესს. მუშაობას ვაპირებთ ოთხ საკითხზე, აქედან ორი დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან - ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება; ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, კიდევ ორი საკითხი, რომელზეც ვაპირებთ მუშაობას, არის საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და რელიგიის თავისუფლების მუხლი.” - ამბობს ჩუგოშვილი

აღსანიშნავია, რომ საპარლამეტო უმრავლესობამ კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მოუწოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ მას ვეტო მხოლოდ ორ საკითხზე - ბონუსის სისტემასა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის შესახებ მუხლებზე დაედო. ვეტოს ამ სახით გამოყენების შემთხვევაში უმრავლესობა ამბობდა, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებდნენ. თუმცა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხს ეხებოდა და უმრავლესობამ ვეტო 117 ხმით დაძლია.

კომენტარები