ახალი კონსტიტუცია

ოპოზიცია ბუკიკიოს: კონსენსუსის მიუღწევლობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

parliament.ge

10 ოპოზიციური პარტია ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს ღია წერილით მიმართავს. წერილში პარტიები მიუთითებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. 

ოპოზიცია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, იმთავითვე ხელისუფლების იმ დათქმით დაიწყო, რომ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა და სწორედ ამ დათქმით წარიმართა როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვა და ამ დათქმით განიხილა პროექტი ვენეციის კომისიამ. თუმცა, ეს მოცემულობა ხელისუფლებამ ერთპიროვნულად შეცვალა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დაასახელა.  

"შექმნილ ვითარებაში, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდმა უმრავლესობამ არაერთგზის, მათ შორის ორჯერ ერთობლივი ღია წერილით, მივმართეთ ხელისუფლებას, რომ მზად ვიყავით დიალოგისთვის იმ ერთადერთი საკითხის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას მსჯელობის საგნად უნდა დაებრუნებინა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაზეც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა საქართველოში და რაზედაც იმუშავა ვენეციის კომისიამ.

ამასთან აღვნიშნეთ, რომ კონსენსუსის მისაღწევად ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის იყო ე.წ. ,,გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად, პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის, მათი საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე, პროპორციულად განაწილების საკითხი და ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევის წესის შენარჩუნება (მოცემული საკითხის პლებისციტის მეშვეობით განსაზღვრის შესაძლებლობით)". 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოხატა ხელისუფლებასთან დიალოგის მზაობა და მათთვის პრიორიტეტული საკითხების მნიშვნელობაზე მიუთითა: 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერის და ბლოკების საკითხები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, თუმცა ხელისუფლებამ ოპოზიციის წინადადება ულტიმატუმად შეაფასა. 

"მიუხედავად საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნათლად გამოთქმული მზადყოფნისა დიალოგისათვის, 2017 წლის 1 სექტემბერს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის ვეღარ ხედავს ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივას იმ მოტივით, თითქოს ოპოზიციას არ გამოუხატავს რეალური მზაობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მისაღწევად. ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, დააკანონოს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ უსამართლოდ, თავის სასარგებლოდ გადანაწილება და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის ის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებასაც კი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 10 ოპოზიციური პარტია (,,ახალი საქართველო“; ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; ,,თავისუფალი დემოკრატები“; მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“; ,,რესპუბლიკური პარტია“; ,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“; საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია; პარტია ,,რეფორმატორები“) აწერენ. 

კომენტარები