ერაყი

ერაყის ძალებმა ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქი კირკუკი აიღეს

Reuters

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კირკუკს ერაყის ძალები აკონტროლებენ. ქალაქი ორი წლის მანძილზე ქურთების კონტროლის ქვეშ იყო. ერაყის ძალებმა ქალაქის მიმდებარედ ოპერაციები ორშაბათს დაიწყეს და სამხედრო ბაზა და ნავთობისა და გაზის საბადოები დაიკავეს.

ოპერაცია ერაყის პრემიერ მინისტრის, ჰეიდარ ალ-აბადის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა. მან ქურთებს კოოპერაციისაკენ მოუწოდა. მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა, თუმცა კირკუკის ადგილობრივი პოლიციის ნაწილი დარჩა და ერაყის ძალებთან თანამშრომლობს.

ოპერაცაში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური მილიციაც მონაწილეობდა.

მხარეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 16 ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.

ოპერაციის ჩატარების თაობაზე ბრძანება ქურთისტანში დამოუკიდებლობის ჩატარების რეფერენდუმიდან სამი კვირის შემდეგ გაიცა. კირკუკი საერთაშორისოდ აღიარებული ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის საზღვრებში არ შედის, შესაბამისად ქალაქის ქურთების კუთვნილებად გამოცხადებამ ბაღდადში შეშფოთება გამოიწვია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი "სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს" და მხარეებს ვითარების ესკალაციისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავიდან აიცილონ პროვოკაციები, რომლებიც ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებით დაინტერესებულმა ერაყის მტრებმა შეიძლება გამოიყენონ. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად და ერაყელებსა და ქურთებს შორის დაძაბულობის გაგრძელება ამ სასიცოცლო მნიშვნელობის მისიისაგან ყურადღებას გადაიტანს." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები