ერაყი

ერაყის ძალები ქურთებს ქალაქ კირკუკთან დაუპირისპირდნენ

Reuters

დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ ერაყის ძალები ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ კირკუკზე და მის მიმდებარე ნავთობის საბადოებზე კონტროლის გავრცელებას ცდილობენ.

ტერიტორიებზე ერაყის არმია კვირას ღამით შევიდა და ერაყის პრემიერმინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ ქალაქის მოსახლეობას უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

ქურთისტანის რეგიონული უსაფრთხოების საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ერაყის ძალები და ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტი მილიციელები ქალაქ კირკუკის სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრზე არიან განლაგებული. ერაყის მხარის განცხადებით მათ ქალაქთან მდებარე სამხედრო ბაზა და ნავთობისა და გაზის საბადოები დაიკავეს.

გავრცელდა ინფორმაცია ერაყის ძალებსა და პეშმერგას შორის დაპირისპირებების შესახებაც.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლმა კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ აკვირდება სიტუაცია და მხარეებს მოქმედებების ესკალაციისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა პენტაგონმაც. ერაყელ სამხედროებს, ისევე როგორც ქურთულ პეშმერგას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მონაწილეობისათვის აშშ წვრთინდა და შეიარაღებას აწვდიდა.

კომენტარები