საქართველო-იტალია

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება. მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სასახლეში გაიმართება. 

საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტები ერთმანეთს გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციასთან ერთად შეხვდებიან. მარგველაშვილის დელეგაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე შედიან. 

იტალიის პრეზიდენტის გარდა, გიორგი მარგველაშვილს იტალიის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთანაც აქვს შეხვედრა დაგეგმილი. ამასთან, პრეზიდენტი რომში NATO-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებსაც შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს. 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები