საკონსტიტუციო ცვლილებები

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კონსტიტუციის პირვანდელი რედაქცია დაამტკიცა

parliament.ge

117 მომხრე, 7 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქცია დაამტკიცა. კენჭისყრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხს ეხებოდა: მარგველაშვილისთვის მიუღებელია პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადება და 2020 წლის არჩევნების შერეული წესით ჩატარება, 5%-იანი ბარიერი, ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. მარგველაშვილი ასევე თვლის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი არ უნდა გაუქმდეს და ის 300-მა ხმოსანმა მხოლოდ მას შემდეგ აირჩიოს, რაც პარლამენტი ორპალატიანი გახდება (პარლამენტი ორპალატიანი მას შემდეგ გახდება, რაც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება). პრეზიდენტს შენიშვნა აქვს რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერთანაც. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით". 

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ოპოზიციაც იზიარებდა. 

კომენტარები