ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აუნ სან სუ ჩი

აუნ სან სუ ჩის მეტამორფოზა - რა დაემართა მიანმარის თავისუფლების სიმბოლოს?

ანა გვარიშვილი
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2017 - 14:13
tbl.ge/448g
დაკოპირდა

"რა დაემართა მიანმარის თავისუფლების კულტს?" - ეს შეკითხვა ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია დასავლურ სამყაროში და მიანმარშიც კი. თუმცა, სანამ აუნ სან სუ ჩის მეტამორფოზაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, ქვეყნის მდგომარეობის მოკლე მიმოხილვასაც გადავხედოთ. 

მიანმარის კავშირთა რესპუბლიკა

მიანმარის კავშირთა რესპუბლიკაში (წარსულში ბირმა) 1 035 ოფიციალურად ცნობილი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლის 68%-ს ბირმანები შეადგენენ და მათი უმრავლესობა მმართველ ელიტაშია. შეიარაღებული კონფლიქტები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებსა და ბირმას მმართველებს შორის ათეულობით წლების განმავლობაში გრძელდებოდა. კონფლიქტი განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამწვავდა. ერთმანეთს როჰინჯები (ეთნიკური ჯგუფი, რომელთა უმრავლესობასაც მუსლიმები შეადგენენ) და არაკანალები (ბუდისტები, რომლებიც ქვეყნის 90%-ს შეადგენენ) დაუპირისპირდნენ.

1947 წელს სუ ჩის მამამ, აუნ სანმა, რომელიც ბირმელი გენერალი იყო, სხვადასხვა ჯგუფი დაარწმუნა, რომ გვერდით გადაედოთ შიდა დაპირისპირებები და მთელი ძალა ბრიტანული კოლონიალიზმისგან თავის დაღწევისკენ მიემართათ. თუმცა, აუნ სანი დამოუკიდებლობამდე მოკლეს, რომელიც ქვეყანამ 1948 წლის იანვარში გამოაცხადა და ეთნიკური კონფლიქტები კვლავ გამწვავდა.

ამ სამოქალაქო ომების შედეგად, სამხედროებს უფლება მიეცათ, რომ ძალაუფლება გაეზარდათ და ასეც მოიქცნენ 1962 წელს, რომლის შემდეგაც ქვეყანას ოფიციალურად მართავდა ხუნტა. ამის შემდეგ შეიცვალა ქვეყნის სახელწოდება ბირმადან მიანმარზე და ამასთან შეიცვალა მიანმარის დედაქალაქიც რანგუნიდან იანგუნზე. ხუნტას მმართველობა, დაახლოებით, 50 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ის რეპრესიული ხასიათის იყო. ქვეყანაში ებრძოდნენ დემოკრატიის მცირე გამოვლინებასაც კი. 2015 წელს, როდესაც ბევრი წლის განმავლობაში პირველად მისცეს ქვეყანას თავისუფალი არჩევანის საშუალება, სუ ჩის პოპულარობით საკანონმდებლო ორგანოში მისი პარტიის ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის (NLD) შესვლა მოახერხა. NLD და არმია შეთანხმდნენ "გაზიარებულ" მმართველობაზე და 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბეს, თუმცა რეალურად კვლავ დიდია სამხედროების გავლენა. 

აუნ სან სუ ჩის შინაპატიმრობა

აუნ სან სუ ჩი სულ რაღაც 2 წლის იყო, როდესაც მამამისი მოკლეს. ის 1945 წლის 19 ივნისს დაიბადა. განათლება დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტებში მიიღო. 1988 წელს კი ბირმაში დაბრუნდა და პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო. სწორედ ამ პერიოდში სამხედრო ხუნტა სასტიკად უსწორდებოდა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსა და დემოკრატიის მცირედ გამოვლინებასაც კი ახშობდა. 

აუნ სან სუ ჩი გაწევრიანდა ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის (NLD), რის გამოც პუტჩისტებმა მას 1989 წელს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ხუნტამ სუ ჩი შემდეგი დილემის წინაშე დააყენა - თუ მას თავისუფლება სურდა, მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, რაზეც აქტივისტისგან უარი მიიღო. 

1990 წელს სამხედრო ხუნტამ არჩევნები ჩაატარა, სადაც ეროვნულმა ლიგამ დემოკრატიისთვის დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, თუმცა არჩევნების შედეგები გააუქმეს და შეიარაღებულმა ძალებმა ძალაუფლების გადაცემაზე უარი განაცხადეს. 

სწორედ ამ მოვლენების გამო მოექცა მიანმარი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ და 1991 წელს აუნ სან სუ ჩის ნობელის პრემია გადაეცა. ჯილდო $1.3 მილიონის ოდენობით მან მიანმარის მოსახლეობის ჯანმრთელობის განვითარებასა და გავრცელებას მოახმარა. 

1995 წელს აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს. 1999 წელს დიდ ბრიტანეთში მას მეუღლე გარდაეცვალა, თუმცა ხუნტამ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცა. 2000 წლის სექტემბერში, ხმამაღალი განცხადებებისა და რეჟიმთან ბრძოლის გამო, ის კვლავ შინაპატიმრობაში აიყვანეს და 2002 წლის 6 მაისს გაეროს შუამავლობით გაათავისუფლეს. 

2003 წლის 30 მაისს სოფელ დეპაინში ხუნტის მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირები მის ავტომობილს თავს დაესხნენ. თავდასხმისას სუ ჩის მრავალი მომხრე გარდაიცვალა და დაშავდა. აუნ სან სუ ჩიმ, მძღოლთან ერთად, გაქცევა მოახერხა, მაგრამ იგი მალევე დააპატიმრეს და ქალაქ იანგონის ციხე ინსეინში მოათავსეს. იმავე წელს მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი კვლავ შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. 

გამწვავებული კონფლიქტი მიანმარის რესპუბლიკაში

25 აგვისტოს შემდეგ მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განვითარებული ძალადობა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. როჰინჯას ეთნიკურ უმცირესობასა და მიანმარის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანი მეზობელი ბანგლადეშისათვის ცდილობს თავის შეფარებას. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე დაგმო მათ წინააღმდეგ ძალადობა, ზოგმა კი მიმდინარე მოვლებები "გენოციდად" შეაფასა.

დაპირისპირება 25 აგვისტოს რაკხაინის პროვინციაში პოლიციის პოსტებზე თავდასხმას მოჰყვა, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ამბოხებულები დანებით და ხელნაკეთი ბომბებით იყვნენ შეიარაღებული. ისინი თავს როჰინჯას ხსნის არმიას უწოდებენ და ამბობენ, რომ ჩაგრული როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის წევრების უფლებებისათვის იბრძვიან. მთავრობა მათ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მათ საზღვარგარეთ აქვთ წვრთნები გავლილი. ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენელი საუდის არაბეთიდან და პაკისტანიდანაა, თუმცა მათივე თქმით არანაირი კავშირი არ აქვთ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან და მათ მიზანს მხოლოდ როჰინჯას უფლებებისათვის ბრძოლა წარმოადგენს. ისინი უარყოფენ ტერორიზმის ბრალდებას, რადგან მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმიან თავს.

ჯგუფმა წვრთნები 2013 წლიდან დაიწყო, პირველი თავდასხმა პოლიციის შენობაზე 2016 წლის ოქტომბერში განახორციელა, რასაც 9 პოლიციელი ემსხვერპლა. მას შემდეგ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპასუხო ქმედებების შედეგად 2016 წლიდან მოყოლებული 100 000-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა დატოვა რეგიონი მეზობელ ქვეყნებში თავშესაფრის საძებნელად, თუმცა მათი მიღება არავის სურს.

კონფლიქტის ამსახველი ფოტოები:

ვინ არიან როჰინჯას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელები და რატომ ითვლებიან ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ თემად?

რაკხაინის პროვინციაში მცხოვრები ინდო-არიული წარმოშობის როჰინჯას ხალხი დაახლოებით ერთ მილიონს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს. კიდევ ერთი მილიონი ლტოლვილია სხვადასხვა ქვეყანაში. მათი ნახევარი ბანგლადეშში, ნაწილი კი ინდოეთში, ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, საუდის არაბეთსა და პაკისტანში აფარებს თავს. მათი უმრავლესობა მუსლიმია, მცირე ნაწილი კი ინდუიზმის მიმდევარი. მათ მიანმარის მოქალაქეობა არ აქვთ, რადგან მათზე ვრცელდება კანონი, რომელიც ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ ჩამოსახლებულ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღებას უზღუდავს. მიანმარი მათ ბანგლადეშის ტერიტორიიდან ჩამოსახლებულ ინდოელ მიგრანტებად აღიქვამს და ბენგალის თემს უწოდებს. თავად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მე-17 საუკუნიდან მოყოლებული მათ ისტორიული ფესვები აქვთ ქვეყანაში. მოქალაქეობის არქონის გამო, როჰინჯას წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ გადაადგილება, არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, ვერ იღებენ განათლებას და ვერ მსახურობენ საჯარო სამსახურში.

მეორე მსოფლიო ომის დროს მუსლიმი როჰინჯას წარმომადგენლები ბრიტანელებთან ერთად იბრძოდნენ, ხოლო მიანმარის ბუდისტი უმრავლესობა იაპონელების მხარეს. ბრიტანელების გამარჯვების შემდეგ რაკჰაინის რეგიონში როჰინჯას მხრიდან ბუდისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები ფიქსირდებოდა, მათ შორის სოფლების გადაწვის და ბუდისტური მონასტრების დანგრევის. 1948 წელს მიანმარის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპირატესობა უკვე ბუდისტების მხარეს აღმოჩნდა, რამაც დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შექმნის მოძრაობა წარმოშვა, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია და მთავრობის მხრიდან არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება გამოიწვია. სწორედ აქედან დაიწყო როჰინჯას ლტოლვილების მიგრაცია ბანგლადეშში და მათი ბრძოლა მიანმარის მოქალაქეობის მისაღებად.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს უკვე მესამე მასშტაბური დაპირისპირებაა ბუდისტურ უმრავლესობას და მუსლიმ უმცირესობას შორის. 2012 წელს მუსლიმების მიერ ბუდისტი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებას დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  2016 წელს სისხლისღვრა როჰინჯას მხრიდან სასაზღვრო პოლიციაზე თავდასხმამ გამოიწვია.

ზოგიერთი მოსაზრებით, მუსლიმების წინააღმდეგ აგრესია 2001 წელს თალიბანის მიერ ავღანეთში ბამიანის ბუდას ქანდაკებების აფეთქებას მოჰყვა. ზოგი ბუდისტი ბერი სანაცვლოდ მიანმარში ისტორიული მეჩეთების დანგრევასაც მოითხოვდა. მიანმარის მოსახლეობის 90% ბუდისტია, ხოლო მუსლიმები მხოლოდ 4%-ს შეადგენენ. მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ქვეყნის ისტორიაში ადრეც ჰქონდა ადგილი, როცა მეთექვსმეტე საუკუნეში მეფეები ცხოველების ისლამური წესით დაკვლას და ზოგიერთი რიტუალის და დღესასწაულის ჩატარებას კრძალავდნენ, თუმცა, ბრიტანეთის მმართველობის დროს გაზრდილი მიგრაციის პირობებში რელიგიურ დაპირისპირებას ეთნიკურიც დაერთო თან.

რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მიანმარის ძალები ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებენ, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების დახოცვა, გაუპატიურებები, წამება, საცხოვრებელი სახლების და საკვების განადგურება და ა.შ. მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს. ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის დაწესებული შეზღუდვების გამო, რთულია ამ ბრალდებების დამტკიცება და მიმდინარე მოვლენების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება.გახანგრძლივებული კონფლიქტის პირობებში რაკჰაინის პროვინციისა და ბანგლადეშის საზღვარზე, სადაც ათასობით ლტოლვილი თავშესაფრის მიღების მოლოდინშია, ჰუმანიტარული კრიზისის წარმოშობა გარდაუვალი ხდება. მუსლიმი ლიდერები მიანმარს მოუწოდებენ შეწყვიტოს მუსლიმების უფლებების დარღვევა და ზოგი მათგანი, მაგალითად თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი "გენოციდში" ადანაშაულებს. 

რისთვის აკრიტიკებენ აუნ სან სუ ჩის?

დასავლური მედია და თავისუფალი სამყარო აქტიურად აკრიტიკებს ერთ დროს სიტყვის თავისუფლების სიმბოლოს. მედია მას პასიურობასა და ძალადობაში თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მოახერხა, აუნ სან სუ ჩის ძალაუფლება მაინც არ აქვს და სიტუაციას რესპუბლიკაში კვლავინდებურად სამხედრო ხუნტა აკონტროლებს. თუმცა, ფაქტი, რომ რესპუბლიკაში საკმარისი ძალაუფლება არ აქვს, არ გამორიცხავს იმას, რომ მას შეუძლია ღიად დაგმოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა და ღიად მოუწოდოს მთავრობას ამის შეწყვეტისკენ. 

თავისუფალი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა მიმართა სან სუ ჩის, რომ დაეგმო როჰინჯების ხოცვა, რომელიც 25 აგვისტოს განხორციელდა, თუმცა სუ ჩიმ განაცხადა, რომ "მედია დეზინფორმაციისგან აისბერგს ქმნის" და რომ ეს "ტერორისტების ინტერესს ემსახურება".

აუნ სან სუ ჩიმ ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებიც გამოტოვა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მიანმარში ეთნიკურ წმენდაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. სუ ჩის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტის გაუქმებას ორი მიზეზი აქვს:

"ერთი არის არსებული მდგომარეობა რაკჰაინის პროვინციაში. ჩვენ გვაქვს ტერორისტული თავდასხმები და ასევე სამუშაო სამოქალაქო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სამუშაოების კუთხით. მეორე მიზეზი არის მიღებული ცნობები ქვეყანაზე მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ".

მიანმარის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა ალ-ქაიდამ. მათ მუსლიმებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ მიანმარის როჰინჯა მუსლიმებს იარაღით და სამხედრო დახმარებით და მიანმარის მთავრობა გააფრთხილეს, რომ მათი "მუსლიმი ძმებისადმი სასტიკი მოპყრობა დაუსჯელი არ დარჩება."

გაეროს განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტს ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა მიანმარის მთავრობის განცხადებით გარდაცვლილთა რიცხვი ამჟამად 421-ია და მათ შორის 378 „ტერორისტია“.

New Yorker-ის რეპორტიორი ჰანა ბიჩი სულ ცოტა ხნის წინ მიანმარში იმყოფებოდა, სადაც არკვევდა, რა დამოკიდებულება ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას სან სუ ჩის დუმილზე. როგორც რეპორტიორი წერს, მან ათასობით ადამიანთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელთა უმრავლესობა ამბობდა, რომ სუ ჩის ძალაუფლება მკვეთრად ლიმიტირებულია და რომ მას არ აქვს ავტორიტეტი ხუნტაზე, მაშინ, როდესაც სამხედრო ოფიცრები სრულად აკონტროლებენ მთავრობის ყველა მნიშვნელოვან ორგანოს და ამასთან, აქვთ ძალა, რომ აღმოფხრან დემოკრატიული წამოწყებები. 

სხვები კი მიიჩნევენ, რომ სუ ჩიმ არჩევანი გააკეთა: არ დაკარგოს პოპულარობა თავის ქვეყანაში იმ უმცირესობის გამო, რომელსაც არც ძალა აქვს და ყველასგან მოძულებულია. გამოკითხული ადამიანების კიდევ ერთი კატეგორია New Yorker-ის რეპორტიორთან ინტერვიუში ამბობს, რომ სან სუ ჩი პოლიტიკური უნარების ნაკლებობას განიცდის. და ასევე, მათ შორის არიან ადამიანებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოდესღაც თავისუფლების სიმბოლო ხუნტას რეფლექსიას იზიარებს და ანტიმუსლიმური განწყობები აქვს. 

მიუხედავად მათი აზრთა სხვადასხვაობისა, გამოკითხული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებულია აუნ სან სუ ჩის მეტამორფოზის სიჩქარით. 

"ჩვენ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ აუნ სან სუ ჩი აქამდე მოგვიყვანდა, მაგრამ ამასთან, არც იმას ველოდით, რომ ის ამდენად შეიცვლებოდა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ,"- ამბობს აქტივისტი სტუდენტი და პოლიტმატიმარი, რომელიც ოდესღაც სუ ჩის დაცვად მუშაობდა. 

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სუ ჩი უცნობი მამის ხატისა და იმ ქვეყნის ერთგული იყო, რომელიც ძალიან ცოტაჯერ ჰქონდა ნანახი 15-დან 65 წლამდე პერიოდში. რეჟიმთან შეუგუებლობა და თავდაჯერებულობა ის თვისებებია, რის გამოც ის საზოგადოების თვალში თავისუფლების მტრად დარჩება, თუმცა სწორედ ამ ორმა თვისებამ აქცია ის თავის დროზე თავისუფლების სიმბოლოდ. მაშინ, როცა ის სახლში იყო დატყვევებული და ჩამოშორებული იყო ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე აქტიურ პოლიტიკას, მთელმა მსოფლიომ მისგან შექმნა ხატი და ადამიანებს მასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გადამეტებული იმედებიც გაუჩნდათ. 

"აუნ სან სუ ჩის მიეცა კარგი შესაძლებლობა, რომ გამხდარიყო სიმბოლო ისე, რომ ბევრი არ ელაპარაკა. ჰაველისგან ეს სიმბოლო იმით შეიქმნა, რომ ის ბევრს ლაპარაკობდა და მორალური ხმა იყო. აუნ სან სუ ჩის კი ბევრი საერთოდ არაფერი უთქვამს. ის მორალური სიმბოლო იყო და ჩვენ ამის ვირწმუნეთ, თუმცა როდესაც მან საუბარი დაიწყო, მივხვდით, რომ შევცდით,"- ამბობს Human Rights Watch-ის წარმომადგენელი კენეტ როთი. 

მიანმარიაუნ სან სუ ჩიეთნიკური წმენდა ბირმაშითავისუფლებაგაერო

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 13 ნოემბერი, 2018 - 17:32აუნ სან სუ ჩის Amnesty International-ის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პრემიერი: ზურგს გვიმაგრებს ტრადიციული ღირებულებები, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს
შაბათი, 25 მარტი, 2023 - 10:03

პრემიერი: ზურგს გვიმაგრებს ტრადიციული ღირებულებები, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს

ბორელი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაზე: ამ უსაზღვრო მეგობრობას გარკვეული საზღვრები აქვს
შაბათი, 25 მარტი, 2023 - 01:28

ბორელი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაზე: ამ უსაზღვრო მეგობრობას გარკვეული საზღვრები აქვს

მსოფლიომ ჩინეთის ხმას უნდა მოუსმინოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს – სანჩესი
პარასკევი, 24 მარტი, 2023 - 23:15

მსოფლიომ ჩინეთის ხმას უნდა მოუსმინოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს – სანჩესი

ზურაბიშვილი: მეორე ფრონტი არის ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის საერთო თემა
პარასკევი, 24 მარტი, 2023 - 23:01

ზურაბიშვილი: მეორე ფრონტი არის ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის საერთო თემა

(რ) აჭარაბეთი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ სპონსორი გახდა
პარასკევი, 24 მარტი, 2023 - 22:37

(რ) აჭარაბეთი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ სპონსორი გახდა

ყველაზე კითხვადი

ღარიბაშვილი სანიკიძეს: სულგაყიდულო, ნაძირალა – შეეშვით ამ არაკაცს, თავისი უბედურება ეყოფა
1ღარიბაშვილი სანიკიძეს: სულგაყიდულო, ნაძირალა – შეეშვით ამ არაკაცს, თავისი უბედურება ეყოფა
2კოლომინა: დარჩიაშვილმა დაგვარწმუნა, რომ [აგენტებზე კანონის მიღების] განზრახვა დასამარებულია
3კობახიძე: გუბაზ სანიკიძემ საკუთარ დედაზე შეიწერა
4ბრიუს უილისის ცოლი: ქორწინების წლისთავი გვაქვს, მსგავსი თარიღები ჩემთვის ძალიან რთულია
5სამადაშვილი პრემიერს: სამარცხვინო ადამიანი ხარ და გამოსვლები უნდა დაიწყო ასე – mea culpa

ბოლო ვიდეო

ECHO – სიმღერა, რომლითაც ირუ ხეჩანოვი ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგება – [VIDEO]
ხუთშაბათი, 16 მარტი, 2023 - 18:02ECHO – სიმღერა, რომლითაც ირუ ხეჩანოვი ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგება – [VIDEO]

გირჩევთ

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2023
შექმნილია ომედიაში