აზიური ფაროსანა

სურსათის სააგენტო: დადასტურდა, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა

flickr

სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას თქმით, შემოწმება თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ყველა პარკში ჩატარდება. მანვე აღნიშნა, რომ ვაკის პარკი შეიწამლება.

"ერთ კონკრეტულ ადგილასაა იქ მოდებული, რადგან ამ მწერს ჯგუფური თანაცხოვრება ახასიათებს", - ამბობს ლიპარტია ინტერპრესნიუსის ცნობით. 

გუშინ დედაქალაქის რამდენიმე უბნიდან სინჯი აიღეს, რათა დაედგინათ, იყო თუ არა აღმოჩენილი სახეობა სწორედ აზიური ფაროსანა. სპეციალისტების აზრით, მავნებელის თბილისში გამოჩენა ზრდის საფრთხეს, რომ მწერმა კახეთში გადაინაცვლოს.

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც. 

ფაროსანა ახლა გამოზამთრების ეტაპზე გადადის, ამისთვის თბილ ადგილებს ეძებს და საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებსა და სხვენში შედის. მოსახლეობამ ის კარადაში, ტანსაცმლებსა და თეთრეულში აღმოაჩინა. ფაროსანა უსიამოვნო სუნსაც გამოსცემს.

როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს სახლებში ზამთარში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აგრო კონსულტანტი, დემეტრე ლიპარტია გვირჩევს:

"აუცილებელია, ყველა ადამიანი ებრძოლოს მავნებელს. თუ ბინასა და კორპუსში ცხოვრობთ, ყველაზე კარგი ღონისძიება იქნება, თუ წყალში დავამატებთ საპონს და ზემოდან ნათურას დავანათებთ. ბინაში მყოფი ფაროსანა აუცილებლად მოფრინდება და განადგურდება. 

წამლის ყიდვა ნებისმიერ აგრო მაღაზიაში შეიძლება. წამალი წავუსვათ კედელს და მივანათოთ ნათურა, მავნებელი ასევე მოფრინდება და განადგურდება.

ასევე შეიძლება სპრეი პრეპარატების გამოყენებაც", - ამბობს ლიპარტია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მავნებელთან ლოკალურად ბრძოლისთვის მოსახლეობისთვის ქიმიური პრეპარატების დარიგება დაიწყო. მოსახლეობამ ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები უნდა შეწამლოს. ასევე რიგდება პრეპარატი ფერომონი, ფაროსანას მოსაზიდი პრეპარატი, რაც ადამიანებს მის განადგურებაში ეხმარება. ​პრეპრატების გადაცემას სამინისტრო სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში სულ დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის  გეგმავს.

გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოსთვის მავნებელი გამოიღვიძებს და კვლავ ნათესებსა და მასივებში გადაინაცვლებს. გაზაფხულზე ეზოების და მეურნეობების შეწამვლა სწორედ გამოღვიძების დროს არის აუცილებელი.    

კომენტარები