ბლოგი

ვინ შეარყია საპატრიარქოს იმიჯი?

2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, იქამდე ორი თვით ადრე, ვიდრე საქართველოს მთავრობა ქვეყანას აცნობებდა, რომ თავიდან ავიცილეთ ძლევამოსილი პატრიარქის მკვლელობა, ქორეპისკოპოსი იაკობი ამბიონზე ავიდა და უჩვეულო ქადაგება წარმოთქვა. მღვდელმთავარი კათალიკოზის დაცვის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს, ეკლესიასთან ბრძოლაში, მაღალი იერარქების წინაარმდეგ სტატიების შეკვეთასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდა. ქადაგების ვიდეოჩანაწერი ქორეპისკოპოსმა იაკობმა თავადვე გაავრცელა - ინფორმირებული დამკვირვებლები თვალებს არ უჯერებდნენ - კათალიკოზის კარზე არსებული უთანხმოება საჯაროდ გამოჰქონდა პირს, რომელიც წლების განმავლობაში დარაჯობდა ამავე ინსტიტუტის ჩაკეტილობას.

პატრიარქის ვიკარიუსი დაცვის სამსახურის გაუქმების პირობას დებდა, - ოხანაშვილს ვერავის სიძეობა უშველისო. მართალია, მისი დანაპირები მყისიერად ვერ აღსრულდა, მაგრამ სულ მალე პატრიარქის ძმიშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სიძეს ჯერ თანამდებობის, ხოლო შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია, ეკლესია ჩახლართულ, ვარაუდებითა და ურთიერთდბრალდებებით სავსე კრიზისში ჩაიძირა, რამდენიმე თვეში კი კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მედიასთან საუბარში აღიარა, რომ ეკლესიის "იმიჯი შერყეულია" და მას საზოგადოების ნდობის დაბრუნება სჭირდება.

საპატრიარქო აქ არ ცდება - ციანიდის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, მნიშვნელობის მიუხედავად, დიდი ხანია მეორეხარისხოვნად იქცა - საქმის მთავარი შედეგი სწორედ გავლენიანი საეკლესიო ინსტიტუტის შერყეული ავტორიტეტია. სასამართლო პროცესი ისე დასრულდა, რომ დაკავებული დეკანოზის ბრალეულობის შესახებ ბევრი ვერაფერი გავიგეთ. რწმენა და ვარაუდი გამოთქვა ყველამ, ვისაც ჯანმრთელობა ეყო, მაგრამ კეთილსინდისიერ დამკვირვებელს მოუწია აღიარება, რომ ყველაზე დამაჯერებელი ვარაუდიც კი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცოდნას.

ქართველები ისედაც არ ვენდობით საკუთარ სასამართლოს, შესაბამისად, ახალი და გასაკრივი არ ყოფილა, რომ დეკანოზს პატიმრობა პირდაპირი მტკიცებულებებისა და მოტივის არარსებობის პირობებში მიუსაჯეს. სიახლე სხვა რამ იყო - საზოგადოებას ბოლო პერიოდში ასე ცხადად არ უგრძვნია, რომ ნდობას არც იერარქია იმსახურებს.

საეკლესიო კრიზისის მიმდინარეობისას ქართველმა ხალხმა იმაზე მეტი შეიტყო, ვიდრე რელიგიურ კონიუნქტურას დამორჩილებული მედია აქამდე უყვებოდა. სხდომის დახურვით დამალულმა ფაქტებმა კი მხოლოდ ფანტაზიებს მისცა გასაქანი და ურბანული ლეგენდების ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი.

გამოაშკარავებულმა საქმეებმა, პატრიარქის ორაზროვნებამ, მღვდელმთავრების ბრალდებებმა, ცილისწამებებმა, ლანძღვა-გინებამ, ბანაკებში გადანაწილებული სასულიერო პირების ლექსიკამ, მათზე პასუხებმა, კომენტარებმა თუ პასუხის პასუხებმა, ცხადი გახადა, რომ არ არსებობს დეკანოზ მამალაძის საქმის თქმული თუ ართქმული ვერსია, სადაც ხალხის ნდობით აღჭურვილ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა სავალალოდ არ გამოიყურება.

ვინც უნდა იყოს მართალი, რამდენუცნობიანი ინტრიგაც უნდა ჩაეხლართა შორენას, მეუფე იაკობსა თუ ხელისუფლებას, ანაც პირიქით, რამდენ მღვდელმთავართან ერთადაც უნდა ეცადა დეკანოზს ვინმეს მოწამვლა, წამლავდა პატრიარქსა თუ რეფერენტს, გეგმავდნენ მეუფე დიმიტრის განეიტრალებას თუ სხვა მიზნით შეთითხნეს, ხალხი თუ ვერ მიხვდა, ზურგის ტვინით მაინც იგრძნო, რომ ეკლესია უზომოდ არის დაშორებულ მის მეტაფიზიკურ შინაარსს. ნავსი გატყდა. საქართველოს საპატრიარქო წარმოდგა იმად, როგორადაც "ლიბერასტებად" შერაცხული საზოგადოების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში გაიაზრებდა და სწორედ ამიტომაც იყო შერაცხული "ლიბერასტად" - აურაცხელი ქონებისა და გავლენის მქონე ინსტიტუტად, სადაც თეოლოგიურ შინაარსთან ერთად, არსებობს ნებისმიერი ძალაუფლების თანმდავი და მისი მასშტაბის პროპორციული გახრწნილება. ღარიბი ხალხის - მდიდარ ეკლესიად. ჩაგრული ხალხის - მჩაგვრელ ეკლესიად.


გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის ყველა ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო, პერესტროიკის პერიოდში დაწყებული ე.წ რელიგიური გამოღვიძების პიკში, შესაძლოა, საკუთარმა სიმძიმემ და ჩაკეტილობამ იმსხვერპლოს.

მღვდლების "განკითხვის", "განქიქებისა" თუ "ლანძღვისთვის" კრიტიკოსების მაწყევარი სასულიერო დასი, ბანაკებში გადანაწილდა და საკუთარ თანამწირველებს იმ სიტყვებით ლანძღავს, ყველაზე უფრო უზრდელ კრიტიკოსსაც რომ იშვიათად უკადრია. გაყოფილ მამებს შვილებიც აჰყვნენ და ისეთი სითამამით დაიწყეს მოწინააღმდეგე ბანაკების ჯვარ-პანაღიისა და კუნკულ-ბარტყულის გინება, თითქოს ამაზე ბევრად ნაკლებისთვის არ უქნევდნენ მუშტებს ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. დაპირისპირებული ჯგუფებმა უბედურებაში შანსი დაინახეს და პოზიციების გამყარებისთვის ბრძოლაში გაშმაგებულებმა პრაქტიკულად გაბზარეს კათალიკოზის დადგენილი დუმილის პოლიტიკა. 

აზრი დაეკარგა იმის თქმასაც, რომ ლიბერალები ეკლესიას "უსიყვარულოდ აკრიტიკებდნენ" და მტრობდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ იერარქის სიძულვილის იმგვარ ხარისხს, როგორსაც სხვა იერარქი ატარებს გულში, მებრძოლ უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარეც ვერ გასწვდება. გამოჩნდა ისიც, რომ "ეკლესიის მტრებს" დღისით-მზისით, სწორედ საპატრიარქოს გავლენიანი ქომაგები კვებავდნენ ტყუილ-მართლით, სწორედ ისინი გასცემდნენ და ზოგჯერ ქმნიდნენ ინფორმაციებს კონკურენტებზე. აღმოჩნდა, რომ კრიტიკოსების კითხვებს ეკლესია იმიტომ კი არ არიდებს თავს, რომ ანგარიშს არ უწევს, უბრალოდ, პასუხები არ აქვს. კიდევ ის გავარკვიეთ, რომ საპატრიარქოს ნალოლიავები მედიაგამოცემები, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე სითბოთი იყენებენ ფრაზებს "უწმიდესმა ბრძანა" და "ერის მამამ განაჩინა", საბოლოოდ, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად ჭორებსა და ცილისწამებებს ავრცელებენ იერარქებზე, ხოლო მტრულად შერაცხული ლიბერალური მედია სიტყვებს წონის და მათ შემაჩვენებლებსაც კი ეთიკურად ექცევა.

ჩაკეტილი ინსტიტუტის შიგნით დაგროვილმა ადამიანურმა სიძულვილმა, ბოღმამ თუ წყენამ, ეკლესია ახალ დღის წესრიგში გადაისროლა და ერთადერთი ადამიანი, ვისაც სიტუაციის სწრაფი შებრუნება შეეძლო, უუნარო აღმოჩნდა პროცესს გამკლავებოდა. პატრიარქის მოგონილი შაბათის შეხვედრებით, სოფლის მეურნეობაზე წუწუნით, საგვარეულო ლოცვითა თუ სამი ცხვრის შეწირვის ინიციატივებით ჯინს ბოთლში ვერ შეაბრუნებ. დრამატული, რაღაც თვალსაზრისით, ლიტერატურული განზომილებისაა კათალიკოზის სურვილი, ხაზი გაუსვას მის ორმოცწლიან მმართველობას, დაგვანახოს პონტიფიკატის ნათელი მხარეები, შეგვახსენოს საკუთარი თავი... პროცესს ვერც ასე შეაბრუნებ.

ეკლესიის კრიტიკულ მდგომარეობას საუკეთესოდ ააშკარავებს ის სიტყვა, რომლითაც მან საკუთარი კრიზისი აღწერა - მისთვის იმიჯი და ნდობაა მთავარი, რადგან სწორედ ეს ასაზრდოებს დომინანტი რელიგიური ჯგუფის რეალურ, სრულიად არათეოლოგიურ მიზანს - შეინარჩუნოს გავლენა პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. ეკლესია მიხვდა, რომ ზიანი მიიღო, მაგრამ მას არ აქვს შიდა რესურსი, გარდაქმნას საკუთარი თავი. საეკლესიო ინსტიტუტის დასუსტება გარდაუვალ პერსპექტივად მოსჩანს. ამის ნიშნები ციანიდის სკანდალამდე ბევრად ადრე გაჩნდა. მრავალი ლოგიკურად ვარაუდობდა, რომ ეკლესიის რეიტინგი შესამჩნევ კლებას დაიწყებდა საპატრიარქო ტახტის დაქვრივების შემდეგ, როცა კათედრაზე ახალი პირველიერარქი ავიდოდა, მაგრამ ქრისტიანთა ღმერთი მოულოდნელი ვინმეა - როგორც სჩანს, მან გადაწყვიტა არსებულს აჩვენოს საკუთარი მმართველობის შედეგები. 

ეკლესიის დასუსტებაზე საუბარი არც ლიბერალური ოპტიმიზმია და არც ისტორიციზმი, სადაც მომავალი აუცილებლად უკეთესად უნდა წარმოდგეს, საღმა აზრმა კი რელიგიას სძლიოს - მოსაზრებას, რომ ეკლესია ნამყოს ძალაუფლებას დიდი ხნით შეინარჩუნებდა, აწმყო არ ადასტურებს. ბუნებრივია, რეიტინგის კლება არ ნიშნავს, რომ ეკლესია დასუსტდა. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ დაზიანდა. საპატრიარქოს კვლავაც შესწევს ძალა პოლიტიკური არეულობა გამოიწვიოს, წაიღოს ქონება, იქცეს ლეგიტიმაციის წყაროდ, მოირგოს კანონები ან დაჩაგროს უმცირესობები. ძალაუფლების ყოველი გამოვლენის შემდეგ, ნდობის კაპიტალი ამოწურვას დაიწყებს.

ეკლესიის მოამაგეებს, რომლებიც სიტუაციის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, მოქმედება გუშინწინ უნდა დაეწყოთ, რომ ხვალინდელ დღეს, ეკლესიის სახით ქართულ საზოგადოებას ჰქონოდა ძლიერი არასამთავრობო ინსტიტუტი, დამატებითი მბოჭავი ინსტრუმენტი ხელისუფლების კონცენტრაციის წინააღმდეგ, მაგრამ მათ, ჩემი აზრით, დააგვიანეს. მიწასთან გასწორებული ან ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ეკლესიით, გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება წააგებს. შეუძლებელია კლასიკურ ლიბერალებს ეს უხაროდეთ. ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერებს უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია ქსენოფობიას მხოლოდ აღვივებს, ის უმისოდაც არსებობს საზოგადოებაში და ძალიან ადვილად ითარგმნება სრულიად სეკულარულ ფაშიზმად.

კომენტარები